ხაშურის მერიამ სურამში გზების მოსაწყობად ტენდერში “ოცნების” შემწირველ კომპანიას გაამარჯვებინა, გადაწყვეტილება კონკურეტნმა კომპანიამ დავების საბჭოში გაასაჩივრა.
ხაშურის მერიამ 3 იანვარს გამოაცხადა ტენდერი დაბა სურამში, კაკალათხევის დასახლებაში შიდა გზის მოწყობის სამუშაოებისთვის, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 326 810 ლარი გაითვალისწინა.
ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, შპს “მშენებელმა” და შპს “ბილტმორმა”. სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გაფორმება შპს “მშებელთან” არჩია. ეს გადაწყვეტილება შპს “ბილტმორმა” დავების საბჭოში გაასაჩივრა. აღსანიშნავია, ხაშურის მერიას ყველაზე დაბალ ფასად სამუშაოების შესრულებას შპს “ბილტმორი” სთავზობდა.
მომჩივანი კომპანია ამბობს, რომ გამარჯვებულად გამოცხადებულმა კომპანიამ დაარღვია 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და “გ”ქვეპუნქტები. კერძოდ, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს და ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
“სატენდერო კომისიამ შემოწმების შედეგად დაადგინა რომ პრეტენდენტის შპს “მშენებელი”-ს მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს და გამოავლინა გამარჯვებულად, მიუხედავად ხარვეზებისა, რაც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს წაროადგენს”, – ნათქვამია მომჩივანი კომპანიის, შპს “ბილტმორის” საჩივარში.
ამავე საჩივარით, შპს “ბილტმორი” ითხოვს, რომ გაუქმდეს ხაშურის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება.
“გთხოვთ, სრულად დააკმაყოფილოთ წარმოდგენილი საჩივარი, გაუქმდეს სატენდერო კომისიის 2025 წლის 17 თებერვლის N5 სხდომის ოქმი, ასევე მიუთითოთ სატენდერო კომისიას მის არასწორ ქმედებაზე და დაავალოთ შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება”, – ნათქვამია საჩივარში.
შპს “ბილტმორის” საჩივარი ამჟამად განხილვის პროცესშია.
რაც შეეხება ხაშურის მერიის მიერ გამარჯვებულად დასახელებულ კომპანიას, შპს “მშენებელის” სახელით 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” შემოწირულობად 15 000 ლარი ფიქსირდება.