ახალი ამბები

გორის სპორტის სააგენტოში საკადრო პოლიტიკის, ბიუჯეტის დაგეგმვის და საწვავის ხარჯვის კუთხით ხარვეზები დაფიქსირდა 

გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში ხარვეზები დადგინდა საკადრო პოლიტიკის, ბიუჯეტის დაგეგმვის და საწვავის ხარჯვის კუთხით.

გორის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურის ანგარიშის მიხედვით სააგენტოში ასევე გამოვლინდა ხარვეზები შესყიდვების, თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგის და დოკუმენტაციის წარმოების თვალსაზრისით. 

როგორც ანგარიშიდან ვიგებთ: 

  • – სააგენტოში ადამიანები მუშაობენ ერთსა და იმავე პოზიციაზე, აქვთ იდენტური ფუნქციები, თუმცა მათი ხელფასები განსხვავებულია;
  • – სააგენტოში მივლინებები გაიცემა პროცედურული დარღვევით და საჭირო დასაბუთების გარეშე; 
  • – სააგენტოში არ ხდება საწვავის სრულყოფილად აღრიცხვა და ხარჯვის მიზნობრიობის დასაბუთება;
  • – ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვის გამო, წლის განმავლობაში საჭირო ხდება მისი ხშირი ცვლილება; 
  • – ხელმძღვანელობას არ აქვს ჩამოყალიბებული სააგენტოს მართვის ეფექტური სისტემა, რომელიც სწორ საკადრო პოლიტიკას და ფინანსების ეფექტურად ხარჯვას უზრუბველყოფდა. 

სააგენტოს საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების საპასუხად, გორის მერიის შიდა აუდიტის  სამსახურმა რეკომენდაციები შეიმუშავა: 

  • ერთსა და იმავე პოზიციაზე, იდენტური ფუნქციების მქონე თანამშრომლებისთვის, სხვადასხვა სახელფასო განაკვეთის შემთხვევაში, სააგენტოს მენეჯმენტმა უზრუნველყოს ფუნქციური დატვირთვის შესახებ, ან სხვა რაიმე სახის განმასხვავებელი დოკუმენტის წარმოდგენა/მომზადება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა ზემოაღნიშნული შრომის ანაზღაურების სხვაობის დასაბუთება;
  • ბიუჯეტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ წლის განმავლობაში არ გახდეს საჭირო ბიუჯეტის ხშირი ცვლილება;
  • მომავალში არ იქნას დაშვებული ასიგნების ზევით ვალდებულების აღება;
  • სააგენტომ, სოციალური დახმარების (ბიულეტენი) ანაზღაურება მოახდინოს საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით დამტკიცებული – ხარჯების ეკონომიკურ კლასიფიკაციით განსაზღვრული მუხლის მიხედვით;
  • მივლინების ბრძანებებს, წინ უსწრებდეს სამსახურეობრივი ბარათები, დასაბუთებული შინაარსით მივლინების აუცილებლობის და სამსახურის ინტერესების შინაარსობრივი დადასტურებით. სამსახურებრივი ტრანსპორტით გამოყენებისას  ბრძანებაში მიეთითოს ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი);
  • ძირითად საშუალებების ინვენტარიზაცია ჩატარდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N#364  ბრძანებით განსაზღვრული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“-ისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის N36 დადგენილებით დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის“  მოთხოვნების შესაბამისად;
  • სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის განყოფილებამ შეიმუშაოს გეგმა და ანგარიშგების ფორმა ღონისძიებების პროცესების კონტროლისთვის; ასევე, სასწავლო პროცესებზე ზედამხედველობის განყოფილებამ სასწავლო პროცესებზე კონტროლი განახორციელოს შემუშავებული წლიური გეგმის საფუძველზე;
  • სააგენტომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელშიც ასახული იქნება საწვავის აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები, სადაც ნათლად იქნება წარმოდგენილი ხარჯის მიზნობრიობა;
  • სრულყოფილად შესრულდეს სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: შესყიდვების გეგმის შედგენისას დაცული იქნას მონეტარული ზღვრები, CMR მოდულში მიღება-ჩაბარების აქტის და სხვა დოკუმენტების ატვირთვა მოხდეს დადგენილი ვადების მიხედვით, წარმოდგენილი ხარჯვის დოკუმენტი შესაბამისობაში იყვეს ხელშეკრულების პირობების მოთხოვნასთან;
  • სპორტულ სკოლებში მოსწავლეთა პირადი საქმე შეივსოს ყველა იმ დოკუმენტით, რასაც სააგენტოს მიერ განსაზღვრული და დამტკიცებული სასწავლო-საწვრთნელი პროცესის წარმართვის წესი ითვალისწინებს;
  • სააგენტომ ახლო მომავალში მოახდინოს მერიიდან თხოვებით გადაცემული ძირითადი ქონების (ტრანსპორტის, რომელსაც გაუვიდა თხოვების ვადა) უკან დაბრუნებისთვის  შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • სააგენტოს ხელმძღვანელობამ გააძლიეროს კონტროლი, რათა წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა მოხდეს დასაბუთებულად, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში;
  • სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უზრუნველყონ გამართული მართვის სისტემის ჩამოყალიბება, განსაზღვრონ რისკები, მათი მისაღები დონე (საკადრო საკითხები, თანხის არაეფექტური ხარჯვა და ა.შ.), შეიმუშაონ რისკების მიმართ სტრატეგიული მიდგომები და უზრუნველყონ მათი მართვის უწყვეტობა. ​

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს გიორგი პურიჭამიაშვილი ხელმძღვანელობს. სააგენტო გორის ბიუჯეტიდან წელს 3 079 000 ლარით ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი