ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, სტიქიასთან ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, დროული რეაგირება და მოსახლოების ევაკუაცია, – ეს ის ნაბიჯებია, რომლებსაც მოქალაქეების აზრით, ანგარიშვალდებული ხელისუფლება უნდა დგამდეს. მათი შეფასებით, “ქართული ოცნება” ადამიანების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.
| “ეს არ იყო დროული რეაგირება”
მოქალაქეების აზრით, “ქართული ოცნება” კრიზისულ სიტუაციებში დროულ რეაგირებას არ ახდენს, რასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
“გურიაში ერთი კვირაა თოვს, სანამ მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ არ ატეხა განგაში, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ადგილობრივების მდგომარეობა”, – ამბობს ოთარ კვირიკაშვილი, Neo TV-ის წარმომადგენელი.
ოთარ კვირიკაშვილის თქმი, “ქართულ ოცნებას” უნდა უზრუნველყო მოქალაქეთა ევაკუაცია და გზის დროული გაწმენდა.
| “არსად ჩანს კოორდინირებული მიდგომა მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”
სტიქიის ზონაში აუცილებელია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობა, – ამბობენ მოქალაქეები და “ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებითაც აკრიტიკებენ.
“მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც სტიქია მძვინვარებს საკუთარი ხალხის გვერდით იდგეს და მაქსიმალურად ჩაერთოს მოსახლეობის დახმარებაში. დღეს, კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ ნებისმიერი სახის სტიქიები საქართველოში მსხვერპლის გარეშე არ სრულდება. ეს, იმაზე მეტყველებს, რომ არის პრობლემები სამაშველო სამსახურებთან დაკავშირებით. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს საკუთარ მოსახლეობაზე და რესურსები ხალხის უსაფრთხოებისკენ მიმართოს”, – ამბობს საბა ბულისკერია, გორელი ახალგაზრდა.
| “ფაქტია, რომ “ქართული ოცნებისთვის” მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა არ არის პრიორიტეტი”
მოქალაქეები ამბობენ, რომ “ქართული ოცნებისთვის” ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის.
“ამ დრომდე არ გვაქვს მარილის დამყრელი მანქანები, თოვლის გამწმენდი სპეციალური მანქანები, სამაშველო ვერტმფრენები და ა.შ. სამაგიეროდ ძალიან ბევრს ვხარჯავთ წყლის ჭავლის მანქანაში, შკოდებში, ტერორის მოსაწყობ სამარშრუტოებში, ე.წ. დაკავების მანქანებში და ა.შ. დღემდე არ გვაქვს გაფრთხილების სისტემები, რომელიც შოვის ტრაგედიას კალაძის ოჯახთან ერთად, ჩვენც აგვარიდებდა”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი თეო ბზიშვილი.
“ქართული ოცნების” კრიტიკის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი მთელი დღეა თვითორგანიზებულად ცდილობს გურულების დახმარებას – გორელებმა დღეს თანხაც შეაგროვეს და გურიაში გასაგზავნად სხვადასხვა პროდუქტები იყიდეს.