გორში, წმინდა წყლის დასახლებაში დაჭრილი 2 ახალგაზრდა „გორმედის” რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმი მერაბ მაისურაძე აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ორივეს მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული და მძიმეა. მათ სასწრაფო წესით ჩაუტარდათ წინასაოპერაციო კვლევები და შემდეგ ოპერაცია. ამ ეტაპზე ორივეს მდგომარეობა მძიმეა, საყურადღებოა, იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და დღეს ან ხვალ იგეგმება უკვე პალატაში გადაყვანა. ორივე მათგანს აქვს ისეთი ჭრილობები, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ჭრილობებს”,- განმარტავს “გორმედის” ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.
17 და 18 წლის ახალგაზრდები 23 თებერვალს დღის საათებში, წმინდა წყლის დასახლებაში დაჭრეს. ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. “მოზაიკას” ინფორმაციით, ორივე დაკავებული არასრულწლოვანია.