სტატიები

ჩინური ხორცი, რუსული თევზი და ინდური კარაქი გორის საბავშვო ბაღებში

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ტენდერში მოაგებინა კომპანიას, რომელსაც საბავშვო ბაღებში ჩინური წარმოების ქათმის ფილე, რუსული თევზის ფილე და ინდური კარაქი შეაქვს.

საუბარია შპს “ენ პროდუქტზე”, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გასაჩივრებული ტენდერის მიუხედავად, მაინც გამარჯვებულად გამოაცხადა.

გადაწყვეტილებას ხელი სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ გიუნაშვილმა მოაწერა, რომელიც სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებებს შორის არიან სატენდერო კომისიის დანარჩენი წევრები: ქეთევან ბაბუნაშვილი, გიორგი გოგალაძე და ელენე მეხატიშვილი.

575 280-ლარიანი ხელშეკრულება შპს ენ პროდუქტსა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შორის 7 თებერვალს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 7 თვის განმავლობაში “ენ პროდუქტი” 5 დღეში ერთხელ, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ხორცპროდუქტებით მოამარაგებს

7-11 თებერვალს აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეიტანა გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ხორცი –  554 კგ საქონლის ხორცი, 351 კგ ქათმის ფილე და 271 კგ ორაგულის ფილე

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია “ენ პროდუქტი” სკოლამდელ დაწესებულებებს რუსული წარმოების “Фаворит Продукт” -ის ორაგულის ფილეთი და ჩინური წარმოების QINGDAO CHIA TAI CO. LTD-ს ქათმის ფილეთი ამარაგებს.

იქამდე სანამ “ენ პროდუქტს” გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო გამარჯვებულად გამოაცხადებდა, ტენდერი გაასაჩივრა კომპანია “აბგამ”, რომელსაც სააგენტომ დისკვალიფიკაცია მიანიჭა.

ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც 2023 წლის 24 დეკემბრის სხდომის №2 ოქმით სატენდერო კომისიამ მიიღო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება, არ გამომდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციიდან. ამდენად, შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებული არგუმენტები ვერ გახდება პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გამოცდილების სატენდერო პირობებთან შეუსაბამოდ მიჩნევის საფუძველი“, –  “აბგას” შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი დაუკმაყოფილა, თუმცა ბაღების სააგენტომ ეს მხედველობაში მაინც არ მიიღო.

“ენ პროდუქტია” გამარჯვებული გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კიდევ ერთ ტენდერში, რომელიც წლის დასაწყისში რძის პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა. სააგენტოსა და კომპანიას შორის იანვარში 713 480-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

რძის პროდუქტებიდან არაჟანი, მაწონი, ყველი და ხაჭო ქართული წარმოებისაა, თუმცა კარაქი არის ინდური წარმოების (INDAPUR DAIRY AND MILK PRODUCTS LTD), რომელსაც “ენ პროდუქტი” თავის მხრივ შპს “საამოსგან” ყიდულობს.

“ენ პროდუქტის” დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნინი გაგნიძეა. აღნიშნულ კომპანიას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ტენდერებთან ერთად მოგებული აქვს მცხეთის და რუსთავის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებების ტენდერებიც. ​

დატოვეთ კომენტარი