“ევროკავშირს აქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომლებითაც ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მოახდენს რეაგირებას. სანქციები მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია“, – თქვა “მოზაკასთან” ინტერვიუში ნიდერლანდების ელჩმა მელინე არაკელიანმა. ელჩის თქმით, ნიდერლანდები რჩება საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერად.
როგორც არაკელიანმა გვითხრა, საქართველო იზოლირდება ევროპული პარტნიორებისგან და მას ძალიან კარგად ესმის, “რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ევროპა სურს და რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებს.”
– როგორ შეაფასებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს – ვინ იცავს დემოკრატიას საქართველოში და მოვლენების განვითარების რა შესაძლო სცენარები არსებობს, თქვენი ხედვით?
– დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ნიდერლანდები ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს, რომ თავისუფალ, აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყნად ქცეულიყო. ქართველი ხალხის მეგობრებს გული გვტკივა, რომ ამჟამად ქვეყანას ასეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვხედავთ. გარკვეული კანონმდებლობის მიღებით, სამოქალაქო სივრცის შემცირებითა და მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული ხმების რეპრესიებით საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებთან შეუსაბამოდ მოქმედებს. როდესაც 2023 წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, იმედი გვქონდა, რომ ამით ხელისუფლებას წავახალისებდით, გაეგრძელებინათ საჭირო რეფორმები, რომლებიც ქვეყანას სარგებლობას მოუტანდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ სვლა საპირისპირო მიმართულებით.
– პროტესტში ჩართული ადამიანები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიებს ბიძინა ივანიშვილისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესება შეაჩერებს. თქვენ რას ფიქრობთ?
– ევროკავშირს აქვს გარკვეული ინსტრუმენტები, რომლებითაც ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მოახდენს რეაგირებას. სანქციები მხოლოდ ერთ-ერთი მათგანია და ჩვენს სისტემაში ამას 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ნიდერლანდებმა – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობასთან ერთად – მოითხოვა ფინანსური სანქციებისა და სამოგზაურო აკრძალვების დაწესება მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში მშვიდობიანი პროტესტის რეპრესიასა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებში მონაწილეობდა. ნიდერლანდებმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის შეჩერებას ქართველი ოფიციალური პირებისთვის, რითაც თავიანთი უკმაყოფილება გამოხატეს ხელისუფლების მოქმედებების მიმართ. ასევე, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას პასუხს ვთხოვთ ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორებიცაა ევროპის საბჭო და ეუთო. 37 სხვა ქვეყანასთან ერთად ნიდერლანდებმა წამოიწყო ე.წ. “ეუთოს ვენის მექანიზმი” საქართველოსთვის, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოვთქვით ჩვენი მძიმე წუხილი ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევებისა და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გადამეტებისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის შესახებ.
– რას ნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ სწრაფვაზე უარის თქმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის?
– ნიდერლადნებმა და ევროკავშირმა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრი რამ ჩადო საქართველოში, რათა ქვეყანას საბჭოთა ჩაგვრის ათწლეულების შემდეგ თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენებაში დახმარებოდნენ. საქართველოს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, სამართალდამცველებისა და სახელმწიფო მოხელეების მომზადება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვაში და სხვადასხვა თემში საჭირო მომსახურების გაწევაში მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ის თემებია, რომლებიც ქვეყანას ჭეშმარიტად სტაბილურს ხდის. ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის სრულად გამჭვირვალე იყო და ბოლო დრომდე საქართველოს ხელისუფლება ამას მიესალმებოდა. ჩვენ ასევე შეგვაქვს წვლილი საქართველოს ტერიტორიულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, რომელიც აქ 2008 წლიდან დგას. ჩემი რამდენიმე თანამემამულე აქ, სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისში მუშაობს.
ჩვენ ასევე საქართველოს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას შევუწყვეთ ხელი იმით, რომ დავეხმარეთ ქართველ ფერმერებსა და მცირე ბიზნესებს, მიიღონ უფრო იაფი კრედიტები ქართული ბანკებიდან და ისარგებლონ ნიდერლანდური ექსპერტიზით. ეს ნიდერლანდებს საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს ინვესტორად აქცევს. ვშიშობ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები გავლენას მოახდენს ევროპული ბიზნესების მიერ ქვეყანაში ვაჭრობის ან ინვესტიციების განხორციელებაზე. მტკივნეულია ყურება, თუ როგორ იზოლირდება ქვეყანა თავისი ევროპელი პარტნიორებისგან. მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ევროპა სურს და რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებს.
– რისი გაკეთება შეუძლიათ მოქალაქეებს და როგორ არის შესაძლებელი, თქვენი აზრით, იმ პროპაგანდასთან ბრძოლა, რომელიც სიძულვილს კვებავს სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის მიმართ?
– ვფიქრობ, კითხვა, თუ როგორ დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციას, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა მთელ მსოფლიოში. საბოლოოდ, ცუდი სიტყვის წინააღმდეგ ერთადერთი გზა კარგი სიტყვაა. იმის ნაცვლად, რომ ყურადღება პროპაგანდის მცდარობაზე გავამახვილოთ, მნიშვნელოვანია, ხალხს ვაჩვენოთ, რატომ არის დემოკრატიული გზა უკეთესი არჩევანი არა მხოლოდ მათთვის, არამედ მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვისაც. ამისათვის მნიშვნელოვანია დიალოგის გაგრძელება მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ ვეთანხმებით. საქართველოსთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა პოლარიზაციაა და ერთადერთი გზა მის გასარღვევად ისაა, რომ გვქონდეს ღია კომუნიკაცია და ვცადოთ, სხვისი თვალითაც დავინახოთ მოვლენები.
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ორ თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ?
– შეკრების, მშვიდობიანი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების მიერ ამ უფლებების პატივისცემას. უზომოდ დიდი ჯარიმების დაწესება ადამიანებისთვის, რომლებიც მშვიდობიანად გამოთქვამენ თავიანთ აზრს, ამ ფუნდამენტურ უფლებებს ძირის გამოთხრის საფრთხის ქვეშ აყენებს. იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება იპოვის გზას მიმდინარე პოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და რომ ხელისუფლება საარჩევნო პროცესებში საზოგადოების ნდობის აღდგენისთვის იმუშავებს.