სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაკავებას და დაუყოვნებლივ ითხოვს მის გათავისუფლებას.
ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შეისწავლონ ჯიოშვილის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მოახდინოს მასზე ოპერატიული რეაგირება.
“ჩვენი შეფასებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს, რომ “ქართული ოცნება” თვითნებურ ადმინისტრაციულ დაკავებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული მიზნებით იყენებს და ამ პროცესში სრულად უგულებელყოფს დაკავებულების საპროცესო უფლებებს”, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე განმარტავს, რომ 18 თებერვლის აქციაზე ლაშა ჯიოშვილს ჰქონდა ბანერი, რომელიც სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს გამართულ მასშტაბურ პროტესტსა და პერფორმანსს მიემართებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ბანერის შემდეგ იქცა ოპერატორი ნიღბიანების სამიზნედ.
“გუშინ, 18 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ნიღბიანმა პირებმა იძულებით ჩასვეს ავტომობილში. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი). საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ გამტაცებელი ძალოვნები არ არიან იდენტიფიცირებადები, მათ არ განუმარტავთ ოპერატორის დაკავების საფუძველი და არც თავი წარუდგენიათ მისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია ასევე მიუთეთებს, რომ ჯიოშვილის დაკავების საქმეში არაერთი კანონდარღვევა და უზუსტობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა.
“ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ლაშა ჯიოშვილს ათამდე პირი აკავებდა. განსაკუთრებულად პრობლემურია, რომ არცერთი დამკავებელი პირის სამართალდამცავებად იდენტიფიცირება ვიზუალურად შესაძლებელი არ ყოფილა; ვიდეოჩანაწერში ისმის მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის ხმა – “პოლიციიდან ვარ”, თუმცა უცნობია დანარჩენი პირების ვინაობა. შესაძლოა, დაკავებულს შექმნოდა შთაბეჭდილება, რომ მას კერძო პირები აიძულებდნენ მანქანაში ჩაჯდომას, მით უფრო, იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში „ტიტუშკების” მიერ მოქალაქეებზე თავდასხმა ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.”
შეგახსენებთ, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს განყოფილებაში მიყვანამდე ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს, სამართალდამცავები მას ემუქრებოდნენ და იყენებდნენ არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას მის მიმართ, რის გამოც მას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები. საათების განმავლობაში, დაკავებულის ადგილსამყოფელი უცნობი იყო როგორც ადვოკატისა და ოჯახის წევრების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის.