სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთსა და დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მას ადგილობრივები პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრნენ.
ლევან იოსელიანთან საუბრისას, მოქალაქეებმა ძირითადად 4 პრობლემაზე ისაუბრეს.
დაბინძურებული სასმელი წყალი:
ხურვალეთს სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის სასმელად უვარგისია.
“სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. სოფლის თავში კი დააყენეს დიდი რეზერვუარი, მაგრამ მაინც გრაფიკით მოდის, ისიც დაბინძურებული წყალი. ამ წყლის დალევის შემთხვევაში ბავშვებს კუჭ-ნაწლავის პრობლემები ექმნებათ. ამ წყალს ვერ ვიყენებთ, ბიდონებით მოგვაქვს, ვისაც შეგვიძლია და ამ წყალს მოვიხმართ“, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლელა ბეღელურმა.
გაუმართავი ამბულატორია:
ადგილობრივების თქმით, სოფლის ამბულატორია გამართულად არ ფუნქციონირებს, რის გამოც პირველად ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებათ.
“კვირაში ერთი დღით მოდის ექიმი და ისიც ორი საათი. ხომ შეიძლება მთელი დღე მაინც იყოს, თუმცა არც ერთი დღე არ არის საკმარისი აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. ელემენტარულად გადასხმა რომ დაგვჭირდეს, ამითაც ვერ ვსარგებლობთ. აუცილებლად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა“, – უთხრეს სახალხო დამცველს.
მოუწესრიგებელი ტრანსპორტი და გადაადგილების პრობლემა:
მიკროავტობუსი, რომელიც სოფელს ემსახურება, დღეში ორ რეისს ასრულებს, შაბათ-კვირა კი საერთოდ არ დადის. შესაბამისად, ადგილობრივებს გადაადგილებისთვის ტაქსით სარგებლობა უწევთ.
ისინი ითხოვენ, რომ გორი-ხურვალეთის მარშრუტზე მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნოს.
“ტრანსპორტი ყოველთვის არ დადის, მოსახლეობას სურს, რომ ამ ლურჯმა ავტობუსმა ჩვენთანაც იაროს, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ქალაქამდე ჩასვლა“, – თქვეს შეხვედრაზე მყოფებმა.
საძოვრების სიმწირე:
სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მოსახლეობამ ოკუპაციის შედეგად დაკარგულ მიწებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საძოვრების სიმწირე
“საერთო ჯამში დავკარგეთ 70 ჰექტარი, სანაცვლოდ რა რუკით მოყვნენ, არ ვიცით, დაგვიტოვეს რაღაც ფართი, მხოლოდ იმ ადგილზე თუ აძოვებ საქონელს, დანარჩენზე – ვერა უსაფრთხო, არ არის“, – უთხრეს სახალხო დამცველს.
ხურვალეთი გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. სოფელში საშუალოდ 300 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობის ნაწილი მიწათმოქმედებას მისდევს, მაგრამ მცოცავი ოკუპაციის და უწყლოობის გამო, ამასაც თითქმის ვეღარ ახერხებს.