“ჩვენ ვცხოვრობთ მცოცავი ოკუპაციის პირობებში და “ქართული ოცნება” ამას მშვიდობას ეძახის“, – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ. ერთ-ერთი მათგანია პაატა დევიძე. ის გორში გამართულ საპროტესტო აქციას დღესაც შეუერთდა.
“საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები არც ერთი ადამიანი არ ვგრძნობთ თავს დაცულად. ხშირად ხდება, როცა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან რუსები და იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. ასეთი შემთხვევა მოხდა ხურვალეთშიც, როცა რუსი ჯარისკაცები ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ჩვენმა პოლიციამ უკან გაუშვა. ხშირად, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების დროს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბლოკპოსტებიდან ხსნიან პოლიციელებს და ამ დროს ყველაფერი დაუცველი რჩება”, – ამბობს დევიძე.
ოკუპაცია და რუსეთის ჰიბრიდული ომი იყო დღეს აქციაზე შეკრებილი ადამიანების საუბრის თემა. აქციის მონაწილეები დირბის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების ფაქტს განიხილავდნენ.
ამავე თემაზე: დირბის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა ორი მოქალაქე გაიტაცეს
“ეს არის ფაქტი იმისა, როგორ “ალაგებს” “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობას. ფაქტია, რომ რუსეთი ისევ აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს, უკანონოდ აკავებს და ამაზე არავითარი რეაგირება არ აქვს “ქართულ ოცნებას”. ერთადერთი, რასაც ახლა “ოცნება” ცდილობს, რეალურად არის ძალაუფლების შენარჩუნება”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი.
აქციაზე მყოფი ადამიანების თქმით, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა ვერ იქნება მშვიდობის გარანტი.
“არანაირი მშვიოდობა არ არსებობს, 12 წლის განმამვლობაში რამდენიმე ასეული ადამიანია, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმმა გაიტაცა. ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები არასდროს გადაუდგამს ამ ადამიანების დასახმარებლად“, – აღნიშნა ლექსო ვალიაურმა, სამოქალაქო აქტივისტმა.
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ადგილობრივი მაღალჩინოსნების განცხადებებსაც განიხილავდნენ. მათი თქმით, პარტიის წარმომადგენლები რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ავრცელებენ.
“ჩვენ აქ, საკრებულოში გვყავს თავმჯდომარე, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებს მოღალატეებს გვეძახდა, თუმცა სინამდვილეში თავადაა რუსული სპეცსამსახურების მიერ რეკრუტირებული და თავის თანამდებობებზე ყოფნით წლების განმავლობაში სახელმწიფოს ძირს უთხრის”, – თქვა ლექსო ვალიაურმა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ბოლო წლებში აქტიურად აჟღერებს ანტიდასავლურ განცხადებებს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნის მტერია. მსგავსი შინაარსის გზავნილები მან საკრებულოს ბოლო სხდომაზეც გააჟღერა.
გორში მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად საკრებულოს შენობის წინ შეკრებას აგრძელებენ. მოთხოვნები კვლავ უცვლელია, – საპროტესტო აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება.