სტატიები

კასპის მერიის მილიონიანი ხელშეკრულება ღარიბაშვილის მარჯვენა ხელს

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 1 043 860-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას ეკუთვნის.

კასპის მერიამ ტენდერი სოფელ წინარეხში ე.წ. ფონების დასახლებაში მდინარე კავთურაზე გადასასვლელი ხიდის და დამცავი კედლის მოწყობისთვის გამოაცხადა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა 5 სხვადასხვა კომპანია, რომელთაგან უწყებამ გამარჯვებულად შპს “ინფრაკონი” გამოაცხადა.

“ინფრაკონის” ოფიციალური მფლობელი 2023 წლის აპრილამდე რევაზ ჯაველიძე იყო, რომელიც 2022 – 2024 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა – იმ პერიოდში, როცა ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო. თანამდებობიდან ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, პოსტი ჯაველიძემაც დატოვა.

პოსტზე ყოფნის პერიოდში, ჯაველიძის კომპანიასთან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებმა 3 318 169 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. კერძოდ:

  • გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს კომპანიასთან 1 019 399-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერის ფარგლებში “ინფრაკონმა” სოფელ ატენში, ხიდისთავში, კოშკებში და გორში ფურცელაძის ქუჩის ჩიხის რკინა ბეტონის გზების მოწყობის სამუშაოები.განახორციელა.
  • 2023 წელს, აღნიშნულ კომპანიას 2 298 770-ლარიანი ხელშეკრულება ქარელის მერიამაც გაუფორმა. შესყიდვის ობიექტი იყო სოფელ ორთუბანში მზოვრეთის მონასტრამდე მისასვლელი გზის ასფალტირების სამუშაოები.

რაც შეეხება კასპის მერიის ტენდერს, ამ დროისთვის ხელშეკრულება გაფორმებულია სოფიო ახვლედიანთან, რომელიც რევაზ ჯაველიძის ნდობით აღჭურვილი პირია.

დოკემენტებიდან ირკვევა, რომ ჯაველიძემ კომპანიის 100%-იანი წილი სოფიო ახვლედიანს 2023 წლის აპრილში აჩუქა. ახვლედიანი მანამდე ჯაველიძის წილების მმართველი იყო.

ამ დროისთვის, ღარიბაშვილის გარემოცვის კომპანიასთან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს ჯამში 4 362 029 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

რაც შეეხება რევაზ ჯაველიძეს, ის ამ დრომდე რჩება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად. საბჭოს სხვა წევრებს შორის არიან თეა წულუკიანი, ლევან დავითაშვილი და სხვები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.