საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების თითქმის სამი თვის თავზე, აქციები გაგრძელდება ხაშურშიც. 15 თებერვლიდან ხაშურელები ყოველკვირეულ აქციებს აანონსებენ.
ადგილობრივები ხაშურის ცენტრში, დიმიტრი ყიფიანის სკვერში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოითხოვენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.
“უწყვეტი პროტესტი აუცილებლად მოიტანს შედეგს”, – ამბობენ ხაშურელები. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნება” მოქალაქეების დაშინებას ცდილობს, ადამიანებში პროტესტის გრძნობა უფრო და უფრო ძლიერდება.
“უწყვეტი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიხევს უკან არალეგიტიმური ხელისუფლება. ფაქტია, რომ რომ ხალხი არის უკმაყოფილო და ქვყანაში მშვიდობა არ არის, როგორც ამას ეს “ხელისუფლება” ამბობს. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ თითქმის სამი თვეა აქციებია და ჯერ შედეგი არ გვაქვს, თუმცა ამ ყველაფერს საბოლოოდ მაინც მოყვება თავისი დადებითი შედეგები”, – ამბობს მზია სარიშვილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ხალხის ერთობის ეშინია და სწორედ, ამიტომ ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
“რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აქციები და მეტი ადამიანი გამოვა, რეჟიმი უფრო მეტად დასუსტდება. უწყვეტ და ხანგრძლივ პროტესტს ძალიან დიდი ძალა აქვს და აუცილებლად მოჰყვება ის შედეგი, რომელსაც ველით – თუ ისტორიას გადავხედავთ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა უწყვეტ პროტესტს შედეგი არ გამოეღო”, – ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.
მოქალაქები საუბრობენ დაშინებასა და ზეწოლაზე, რომლითაც მათივე თქმით, “ქართული ოცნება” პროტესტის ჩახშობას ცდილობს.
“ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ სასურველ შედეგამდე მივალთ და მოვახერხებთ, რომ ნორმალურ რელსებზე დავაბრუნოთ ეს ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ გავაგრძელოთ აქციები ხაშურშიც – მე პირადად ყოველთვის გამოვალ და ჩემი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “ქართული ოცნებას” მითვისებული აქვს სახელმწიფო”, – ამბობს სერგო ღამბაშიძე.
ხაშურელების თქმით, ხაშურში ყოველკვირეული აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება – არ გათავისუფლდებიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანები და არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
“ნებისმიერი აქცია, პროტესტი, სადაც თუნდაც ერთი ადამიანი მაინც იდგება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ვდაგავრთ იქ, სადაც საქართველოს ოლიგარქიიის დამარცხებისთვის იბრძვიან. ხვალინდელ აქციაზე, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ბიძინა ივანიშვილს და მის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – ამბობს კობა ნოზაძე.
ხაშურში საპროტესტო აქციები 2 თვის წინ თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა. მოქალაქეები პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას კვლავ აპირებენ – ისინი ყოველ შაბათშ 18:00 საათზე დიმიტრი ყიფიანის სკვერში შეიკრიბებიან.