კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ირკვევა, რომ 37 წლის კაცმა ბებია ნაჯახით მოკლა, რის შემდეგაც, მეგობარს დაურეკა და უთხრა ჩადენილის შესახებ. გარდა ამისა, არსებობს ვერსია მკვლელობის მოტივის შესახებ.
„ნაჯახით მოკლაო, დასისხლიანებული ქალის ცხედარი ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ნახა პოლიციამ. ხმაური არ გაგვიგია, გამთენიისას სროლის ხმა გავიგეთ, როგორც ჩანს პოლიცია სანამ დაიჭერდა, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. მეგობართან დაურეკია ბათუმში, ბებია მოვკალიო, თავის მხრივ იმ მეგობარმა აცნობა 112-ს და ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია ადგილზე. რატომ მოკლა, ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ ქონებას ეხება, ბებიას სთხოვდა რაჭაში მისი კუთვნილი სახლის გადაფორმებას, რაზეც ეს ქალი წინააღმდეგი იყო”, – ეუბნება “მოზაიკას” იმ კაცის მეზობელი, რომელმა ბებია მოკლა.
მკვლელობის შემდეგ, 37 წლის კაცი მეზობელთან მივიდა და ტელეფონის დამტენი ითხოვა, რის შემდეგაც ყვირილით გაიქცა – არ მომიკლავს არავინო.
„დილით იყო 9-ს ნახევარი რომ მოვიდა, დამიძახა ტელეფონის დატენვა მინდაო და გავარდა ყვირილით არ მომიკვლია, არ მომიკვლიაო. როგორც ვიცი, რაჭაში ცხოვრობდა ეგ ქალი და ბოლო 1 თვეა აქ ჰყავდა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.