სტატიები

“ამ პროტესტს ჯარიმებით ვერ ჩაახშობენ” – გორში აქციები გრძელდება

გორში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები საკრებულოს შენობის წინ დღესაც შეიკრიბნენ – ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. 

გორში შეკრებილი ადამიანები ერთმანეთს საკუთარ ხედვებს და განწყობებს უზიარებენ. განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებებს. ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა დამოუკიდებლობა დაკარგეს და მათი ფუნქცია, მოქალაქეების დაშინება და შეზღუდვა გახდა. 

ფოტო: კახაბერ ქარელიძე

“ექსტრემიზმში გადავიდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. ისინი იყენებენ ინსტიტუციურ მექანიზმებს – ძალოვან სტრუქტურებს, სასამართლოს და პროკურატურას. მათ სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყავთ მოქცეული და ცდილობენ, რომ ამ ინსტიტუტების გამოყენებით შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუმცა ვერცერთი მეთოდით ისინი ვეღარ ახერხებენ საზოგადოების გახლეჩას“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ლექსო ვალიაური. 

მოქალაქეების თქმით, “ქართული ოცნება” პროტესტის ჩახშობას ეკონომიკური წნეხის გაზრდით ცდილობს. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის თქმით, სწორედ ამით აიხსნება ის ჯარიმება, რომლებსაც პროტესტში მონაწილე ადამიანებს აკისრებენ.

ჯარიმები რაც არის გათვალისწინებული ერთგვარი ეკონომიკური წნეხია, რადგან თუკი ამ ჯარიმის გადახდა ვერ მოხერხდება, ხდება მისი მოვალეთა რეესტრში ჩაგდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ყველა ანგარიშს, უძრავ და მოძრავ ქონებას ედება ყადაღა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილია გაუყიდოს ეს ქონება და ჯარიმებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები და ოჯახები დარჩნენ ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე. გარდა ამისა, მოვალეთა რეესტრში ყოფნა ადამიანს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ დასაქმდეს და მიიღოს შემოსავალი, რადგან ყოველთვიური ხელფასი დაიბლოკება. ესეც ფაქტიურად არაადამიანური და დამამცირებელი მობყრობაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, –  აცხადებს იურისტი ლექსო მერებაშვილი. 

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიები კიდევ უფრო ზრდის პროტესტს საზოგადოებაში. მათი თქმით, საქართველოში დიქტატორულ მმართველობას ადამიანები არ შეეგუებიან. 

სახლში თუ დავრჩები და რეპრესიების შემეშინდება, მე ვერ ვიქნები მართალი იმ ბიჭებთან და გოგონებთან, რომლებიც რეჟიმის ტყვეები არიან. მე ვერ ვიქნები სახლში თბილად, როცა ხალხი ქუჩაშია და არ შემერგება ლუკმა, როდესაც დაკავებულები შიმშილობენ. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, როგორც შემეძლო, ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და ვერანაირი ჯარიმა, თუ დაკავების შიში ვერ იმოქმედებს ჩემზე. “ქართული ოცნების” რეპრესიები ემსახურება დაშინებას. ჩვენ მათი ნაბიჯები კარგად შევისწავლეთ და არ არსებობს ძალა, რომელიც უკან დაგვახევინებს“, – ამბობს გოჩა ბზიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი. 

ფოტო: კახაბერ ქარელიძე

საპროტესტი აქციებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც უერთდებიან. როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის პარალელურად, საპროტესტო გამოსვლელები გრძელდება რეგიონებშიც. 

ადამიანები ისჯებიან საქართველოს სიყვარულისთვის და ევროპული მომავლის დაცვისთვის. ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით, რადგან მოქალაქეების ერთობას “ქართული ოცნების” ტერორი ვერ დაშლის. ყველა ვხედავთ, რომ პროტესტი არ წყდება და ამ პროტესტს გორელებიც ვუერთდებით. ასე გავაგრძელებთ, ვიდრე საერთო მიზანი არ იქნება მიღწეული“, – გვითხრა მაკა კოჭლამაზაშვილმა, კოალიციის “ძლიერი საქართველო” წარმომადეგნლებმა. 

გორში საპროტესტო აქციები 4 თებერვლიდან განახლდა. მოქალაქეები ქალაქის ცენტრში, ყოველ დღე 17:00 საათზე იკრიბებიან. 

დატოვეთ კომენტარი