სტატიები

“რეჟიმი ებრძვის თავისუფალ მედიას” – გორელები რეპრესიული კანონების წინააღმდეგ

მოქალაქეების პროტესტის ფონზე,  “ქართული ოცნება” ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს, რომლებიც სხვდასხვა სფეროებს, მათ შორის მედიასაც შეეხება. მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი მიიღებენ ახალ კანონს, რომელიც განსაზღვრავს მედიის საქმიანობის სტანდარტებს და შეზღუდავს უცხოური დაფინანსების მიღებას. 

“ყოველი ახალი კანონი მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას” – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც გორში აქციებს ყოველდღიურად მართავენ.

“ეს ყველაფერი არის პროტესტის ჩასახშობად. ბუნებრივია, ეს არ გამოუვათ, სანამ შეგვიძლია თავისუფალი სიტყვის თქმა, გამოვალთ ქუჩაში და გავაპროტესტებთ. რაღაცა სულელური კანონებით, ხალხის შეშინება უნდათ. საკუთარ თავებზე მიიღონ ეს კანონები, ჩვენ რომ გვაგინებენ, გვაბულინგებენ და გვლანძღავენ. კალაძე რომ ჟურნალისტებს ლანძღავდა და შუა თითს აჩვენებდა, ეგ დაეჯარიმებინათ. ჩვენ არ დავიღლებით და ყოველდღე გავაპროტესტებთ”, – გვითხრა სამოქალაქო აქტივისტმა, ალექსანდრე რევაზიშვილი. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” რეპრესიული ქმედებები ძირს უთხრის დემოკრატიას და ცალსახად მიმარრთულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ. 

“დემოკრატიულ პროცესებზე დარტყმა ხდება, როცა ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლებას სურს მოკლას ქვეყანაში დემოკრატია. ამას დამატებული მედიის შეზღუდვა, რომ თვითრეგულაციები აღარ იქნება საკმარისი და სახელმწიფო ჩაერევა და გადაწყვეტს, რომელი გადაცემა, რომელი სიტყვა და ფრაზაა სწორი ტელევიზიაში. თუკი გადავხედავთ ამ ცვლილებებს, რის მიღებასაც გეგმავენ, მიმართულია გამოხატვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვაზე“, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი. 

გორის ცენტრში შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” მცდელობა რეპრესიებით შეინარჩუნოს ძალაუფლება, შედეგი არ ექნება.

“არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს, რეჟიმი არის იმისთვის, რომ მიიღოს რეპრესიული კანონები, დააშინოს მედია და ხალხი. ეს ყველაფერი არ გამოუვათ, იმიტომ რომ ხალხს კარგად ახსოვს 9 აპრილი, როდესაც კომუნისტური რეჟიმი იყო, მაშინაც არ შეშინებია. ქვეყანას, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში, ვერ შეაშინებენ. რა თქმა უნდა, ეს კანონები სამწუხაროდ იმოქმედებს თავისუფალ მედიებზე, რადგან ზუსტად უცხოური დაფინანსებით ხდებოდა მედიასაშუალებების განვითარება, თუმცა როცა არსებობს სოციალური ქსელები, ინტერნეტის სამყაროში ვცხოვრობთ, ადამიანებს სიმართლეს ვერ დაუმალავ. ასე, რომ ტყუილად იბრძვიან და ამჯერადაც კრახით დაასრულებენ”, – თეონა ფანქველაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი. 

4 თებევრლიდან გორში მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან. ისინი საპროტესტო აქციებს საკრებულოს შენობის წინ მართავენ. უცვლელია მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებულები.

დატოვეთ კომენტარი