სტატიები

“აპრილში გავხსნით” – რას უპირებს ხელისუფლება სივრცეს, რომელიც “სფეისს” დაატოვებინა

სივრცე, სადაც ახალგაზრდული კაფე “სფეისი” იყო განთავსებული, ამჟამად უფუნქციოა. როგორც “მოზაიკას” ადგილობრივი ხელისუფლებიდან აცნობეს, სივრცის ათვისებას მომავალი ორი თვის განმავლობაში არ გეგმავენ, თუმცა ამის მიუხედავად, გორის მერიამ ახალგაზრდებს ფართი უკვე დააცლევინა.


გორში, სიმონ I-ის ქუჩაზე მდებარე შენობით ამჟამად არავინ სარგებლობს. ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ ვინ და როგორ მოიყვანს სისრულეში იმ გეგმებს, რომლითაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სივრცის გამოთავისუფლების საჭიროება ახსნა. 

როგორც “მოზაიკას” ა(ა)იპ კულტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა უთხრა, სივრცის ათვისებას მიმდინარე წლის აპრილში გეგმავენ.

ჩვენივე აქტივობების გაკეთებას ვაპირებთ ამ შენობაში და ეს აქტივობები უკვე გათვლილია ბიუჯეტში, იქნება საწრეო მუშაობა, სასწავლო სემინარები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რადგან უკვე გათვალისწინებულია, ბიუჯეტში ცალკე თანხა არ გვაქვს გამოყოფილი“, – გვითხრეს კულტურის სააგენტოში. 

2025 წლის 31 დეკემბრამდე, აღნიშნული შენობით “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება” სარგებლობდა. სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ მოაწყო ამ შენობაში სოციალური კაფე “სფეისი”. 

“სფეისის” ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ახალგაზრდებმა გასული წლის ბოლოს გორის მერიას წერილით მიმართეს და სთხოვეს, რომ იჯარის ხელშეკრულების ნაცვლად, შენობით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიეცათ. ამ თხოვნის პასუხად, ახალგაზრდებმა უარი და შენობის დაცლის მოთხოვნა მიიღეს. 

გაცნობებთ, რომ მითითებული იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2024 წლის 22 ოქტომბერს. ვადის გასვლის გამო შეწყვეტილი იჯარუს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება კი შეუძლებელია“, – ვკითხულობთ მერიის პასუხში, რომელსაც იურისტების შეფასებით, იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. 

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ლექსო მერებაშვილის თქმით, ნების არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლო ახალგაზრდებთან თანამშრომლობის გაგრძელება. 

ვინ თქვა, რომ არ შეეძლოთ ხელშეკრულების გაგრძელება, ეს უბრალოდ მათი კეთილი ნება იყო, თუ უნდოდათ გაუგრძელებდნენ, არანაირი სამართლებრივი ხელისშემშლელი აქ არსებობდა. არ უნდოდათ და არ გაუგრძელეს“, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ შენობა დაცალა. ისინი გამოთქვამენ ეჭვებს, რომ მერიისთვის არასასურველი პარტნიორები პროევროულ აქციებში მონაწილეობის გამო გახდნენ.

“სფეისის” მიერ შენობის დაცლის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკვე შერჩეული იყო ის პირი, ვისთვისაც ფართის გადაცემას გეგმავდნენ –  საუბარია ზურა მძინარაშვილზე, რომელსაც თეატრალური წრე აქვს და რომელიც გასულ წელს იმ საზაფხულო ბანაკს ხელმძღვანელობდა, რომელიც გორის მერიამ ბაკურიანში მოაწყო. 

ამ ინფორმაციას ზურა მძინარაშვილი უარყოფს და ამბობს, რომ მისი სამომავლო გეგმები აღნიშნულ სივრცეს არ უკავშირდება. 

არაფერი მსგავსი არ ხდება. არც მე მიმიმართავს ხელისუფლებისთვის რაიმე განცხადებით და საერთოდ არაფერი კავშირი არ მაქვს მაგ შენობასთან“, – გვითხრა მძინარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს სივრცე 31 იანვრამდე უნდა დაეცალათ, გაეტანათ კუთვნილი ტექნიკა და ინვენტარი, თუმცა, შენობა რამდენიმე დღის წინ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს – წაიღეს ტექნიკა და ფული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.