სტატიები

“სამარცხვინოა!” – გენო პეტრიაშვილის განცხადებას გორელები ეხმაურებიან

“ქვეყნის გამყიდველებს, უწოდებთ გმირებს და გმირები გამოგყავთ მოღალატეებად”, – ასე პასუხობენ გორელები გენო პეტრიაშვილის განცადებას, სადაც ის აქციის მონაწილეებს “ფულზე გაყიდულ აგენტებს” უწოდებს.  მის სიტყვებს გორელები სამარცხვინოდ მიიჩნევენ და პეტრიაშვილს მოუწოდებენ, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს.

მოქალაქეების განსაკუთრებული გაღიზიანება გენო პეტრიაშვილის მიერ პოლიციელების გმირად წარმოჩენამ გამოიწვია. როგორც გორელების ნაწილი ამბობს, ყოფილი სპორტსმენი, რომელიც ხალხს უყვარდა, ახლა ძალადობრივ რეჟიმს ემსახურება და ადამიანების დასახიჩრებას მხარ უჭერს. 

“ეს არის სამარცხვინო განცხადება. პეტრიაშვილის თქმით, თურმე პოლიცია უანგაროდ ემსახურება ქვეყანას. ამ დროს ისინი ჩვენს ცემა-ტყეპაში პრემიებს იღებენ. ადამიანები, რომლებიც გასული არიან ყველანაირი კანონიდან და ქუჩაში პირდაპირ დაკანონებული ტერორი მიმდინარეობს. ამ ადამიანებზე ჯერ გვითხრა, რომ ვითომ გვეფერებიან და ჩვენ ვერ ვიგებთ, ახლა გმირები არიან და უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს. ვითომ პარლამეტარები, რომლებსაც კაბინეტში ჯდომა უხარიათ და რუსულ საქმეს აკეთებენ, ჩვენ გვეძახიან აგენტებს. ჩვენ, აქ ვიდგებით და მათ აუცილებლად დავასრულებთ”, – გვითხრა ლაშა ჯიოშვილმა.

დამიანს უწოდო აგენტი, რომელიც ერთ თეთრსაც კი არ იღებს და ამ, ვითომ პოლიციელებს სამართალდამცავი? პირდაპირ ეთერში უყურებდე, როგორ არღვევენ ადამიანის უფლებებს, როგორ უთანაბრდება მათი მოპყრობა წამებას. გაიტაცო ადამიანი, სცემო, შეურაცხყოფა მიაყენო, ეს არის გმირობა?  მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს რაცხავთ გმირებად და გმირები გამოგყავთ მოღალატეებად, მაგრამ არ მოგცემთ ამის საშუალებას. ეს გავიარეთ და ამის უფლებას აღარ მოგცემთ!”,  – ამბობს თეონა ბზიშვილი.

მოქალაქეების თქმით, გენო პეტრიაშვილი პარტიაში დაწერილ მესიჯბოქსს აჟღერებს. 

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დაწერილი “მესიჯბოქსი” და მან გააჟღერა. თვითონ ამას ვერ მოიფიქრებდა, თუმცა, თუკი მისი აზრია, ძალიან სამწუხაროა. ამაზე მინდა ვუპასუხო, რომ თუკი მე გაყიდული ვარ, ის გადაყიდულად ითვლება, იმიტომ რომ სწორედ ჩემს მიერ შეტანილი გადასახადებიდან იღებს 14 000 ლარს, რომელიც დაუნიშნა “ქართულმა ოცნებამ”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.​

როგორც პროტესტში მონაწილე ადამიანები ამბობენ, თუ ვინმეს მათ გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, მზად არიან მათ საკუთარი სიმართლე არგუმენტებით დაუმტკიცონ.

“აქციებზე ვიკრიბებით გულწრფელი ადამიანები, ვისაც ნამდვილად შეგვტკივა გული ჩვენს ქვეყანაზე. თუ ვინმეს სჯერა, რომ ჩვენ ვართ უცხო ქვეყნის აგენტები და არაკეთილმოსურნეები ჩვენი ქვეყნის, მოვიდნენ არგუმენტებით და ფაქტებით. ჩვენ გავესაუბრებით და ყველას პასუხს გავცემთ”,  – ამბობს საბა ბულისკერია.


“უსირცხვილო” – ამ შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა დღეს გენო პეტრიაშვილს. “ქართული ოცნების” წევრები პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის მოსასმენად შეიკრიბნენ. ამის პარალელურად კი, შენობის გარეთ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. მოგვიანებით, გენო პეტრიაშვილმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ პროტესტის მონაწილეები “აგენტები” და “ფულზე გაყიდულები” არიან.

დატოვეთ კომენტარი