გორში საპროტესტო აქციები განახლდა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისინი ყოველდღე საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბებიან და ქუჩაში გამოსვლებს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება – არ გათავისუფლდებიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანები და არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები.
დღევანდელი აქციის მონაწილეების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნაომარი ქალაქიდან პროტესტის ხმა ყოველდღიურად ისმოდეს.
“მნიშვნელოვანია, რომ გორში საპროტესტო კერა არსებობდეს. იცოდნენ მოქალაქეებმა, რომ გორშიც აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ცემას, წამებას დამცირებას და ამაზე აბსოლუტურად არანაირი რეაგირება რომ არ აქვს სახელმწიფოს და მეტიც, სწორედ ამ ადამიანებს უსჯიან ჯარიმის სახით კოლოსალურ თანხებს, აპატიმრებენ რამდენიმე დღით და დაანონსდა, რომ 60 დღემდე უნდა გაიზარდოს პატიმრობა და მალე ალბათ აქ დგომის საშუალებასაც არ მოგვცემენ და დაგვაკავებენ, ამიტომ ყოველდღე ვიდგებით აქ და გავაპროტესტებთ, იქამდე, ვიდრე ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება“, – განაცხადა ლექსო მერებაშვილმა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტმა.
როგორც აქციაზე მყოფებმა აღნიშნეს, იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლოს პროტესტის ჩახშობა, აუცილებელია, რომ საპროტესტო გამოსვლები გააქტიურდეს რეგიონებშიც.
“უწყვეტი აქციები მიზანია საქართველოს დავანახოთ, რომ გორიც არის ყველა იმ დიდ ქალაქთან ერთად ამ ძლიერ პროტესტში და გორელებშიც არის ის განწყობა, რასაც ვითხოვთ ყველა ერთად, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. აუცილებელია ეს ხმა აქედან გავაგონოთ მავნებელ, მოძალადე არალეგიტიმურ ხელისუფლებას და პროცესი მივიყვანოთ იქამდე, რომ მათ ეს ეს პირობები შეასრულონ“, – ამბობს ლექსო ვალიაური.
დღევანდელ აქციას ოპოზიციური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ. შეკრებაზე იმყოფებოდა კოალიციის “ძლიერი საქართველო” წარმომაგდენელი გელა შარვაშიძეც.
“აუცილებელია უწყვეტი პროტესტი ყველა პოლიტიკური ძალის და ხალხის ერთობით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება მოვიპოვოთ. მოთხოვნა უცვლელია. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი, რომელიც 23 დღეა შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასევე ყველა დაპატიმრებული ტყვე უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახს. ამათმა კარგად ვერ შეისწავლეს ქართველი ხალხის ფსიქოლოგია და ჰგონიათ დაგვაშინებენ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ დავნებდებით, ბრძოლა იქნება ბოლომდე“, – აღნიშნა გელა შარვაშიძემ.
4 თებერვლიდან, მოქალაქეები საკრებულოს შენობის წინ შეკრებას ყოველ დღე 17:00 საათზე გეგმავენ.