სტატიები

“გორის მერია “ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს” 

გორის მერია “ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, – ამბობენ მოქალაქეები იმ მოვლენების პასუხად, რომლებიც გორში ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ვითარდება. საუბარია ახალგაზრდულ ჯგუფებთან თანამშრომლობის შეწყვეტასა და ა(ა)აიპ-ებში დასაქმებულებისთვის ერთ-თვიანი ხელშეკრულებების გაფორმებაზე. 

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, გორის მერია პარტიულ დავალებებს ასრულებს და ცდილობს, საკუთარი გავლენები ადამიანებზე კონტროლის და ტერორის გასაძლიერებლად გამოიყენოს. 

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ველოდით რომ ჩვენი დროც მოვიდოდა“, – ამბობს რუსკა ბუზიაშვილი, სოციალური კაფის “სფეისი” წარმომადგენელი. 

“სფეისის” გუნდს გორის მერიამ სივრცის დატოვებისთვის 7-დღიანი ვადა მისცა, რომელიც 31 დეკემბერს იწურება. 

არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გვაქვს ამ ეტაპზე, ამიტომ ხმამაღლა ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი გუნდის სამოქალაქო პოზიციის ფაქტორებმა გამოიწვია მაგრამ, ფაქტია. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი სხვადახვა ორგანიზაციებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ საინფორმაციო კამპანიებს ატარებდნენ და ერთი ხმის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ, ჩვენ თვითონ ვატარებდით საინფორმაციო კამპანიებს და ა.შ. ახლა ფაქტია, სივრცეს გვატოვინებენ“, – ამბობს ბუზიაშვილი

“სფეისამდე” სივრცის დატოვების მოთხოვნა გორის მერიამ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბს” გაუგზავნა, რომელსაც მერიისგან უზურფრუქტით მიღებულ სივრცეში, სახელოვნებო სივრცე აქვს მოწყობილი. ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მერიამ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც აღნიშნულ სივრცეში ინსტალაცია “ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” მოეწყო. 

წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის რეპრესიები და ეს რეპრესიები, როგორც ჩანს, არ სრულდება და უფრო და უფრო ძლიერდება. ჩვენი სივრცე ცენზურის ქვეშ მოექცა, თუმცა ამ ქვეყნის მოსახლეობამ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, არ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, დარწმუნებული ვარ, უნდა, რომ არ ხდებოდეს ის, რაც დღეს ხდება“, – გვითხრა გვრიტიშვილმა, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა. 

ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის სამუშაო სივრცეების ჩამორთმევის პარალალურად, გორის მერიამ ურთიერთობის ფორმები შეცვალა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ ადამიანებთანაც. წლის დასაწყისში მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები დაეგზავნათ, რაც იურისტების შეფასებით შრომითი კანონმდებლობის დარღვევაა. 

ფაქტია, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის ეს დაკვეთა, რომ საჯარო სამსახურები გაიწმინდოს “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი ადამიანებისგან. თუმცა ა(ა)იპ-ებში  დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ უფლება აქვთ, არ მოაწერონ ხელი ამ ხელშეკრულებას, თუკი უვადო ხელშეკრულება უდევთ შესაბამის სამსახურებთან“, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი. 

იურისტი არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციულ რესურსზე კონტროლის გასაძლიერებლად, საბიუჯეტი დაწესებულებებში მასიური რეორგანიზაციებიც დაიწყეს, რაც კანონში შეტანილი ცვლილებებით, საშუალებას მისცემს არასასურველი თანამშრომლები სამსახურებიდან გაათავისუფლოს.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლბულ პირს არ აძლევს უფლებას, რომ აღდგეს და განაცდური მიიღოს“,- განმარტავს იურისტი. 

რა გეგმა აქვს “ქართულ ოცნებას” გორში და რა მოტივით იცვლება გორის მერიის დამოკიდებულებები საკუთარი თანამშრომლების თუ პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ? – ამ კითხვებზე უწყების პოზიცია უცნობია, რადგან გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი მედიასთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ სიმონ გულედანი აწერს ხელს იმ წერილებს, რომლებიც სივრცეების დატოვების მოთხოვნით, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს დაეგზავნათ. ასევე სწორედ სიმონ გულედანის მითითებით ახსნეს საკუთარი თანამშრომლებისთვის ერთ-თვიანი ხელშეკრულებების დადება მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დირექტორებმა. 

დატოვეთ კომენტარი