ქარელის მერმა ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორად თამაზ თურმანიძე დანიშნა. თურმანიძე სასმელი წყლის, ჭაბურღილების, შადრევნების მწვანე ნარგავების და სკვერების ა(ა)იპ-ს უხელმძღვანელებს.
ახალი ა(ა)იპი მერის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, 2024 წლის დეკემბერში შეიქმნა და მისი დაფინანსებისთვის მიმდინარე წელს 1 499 000 ლარი გაითვალისწინა.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, ამ ეტაპზე იმ ფართის რემონტი მიმდინარეობს, სადაც ა(ა)იპ განთავსდება.
“ამ ეტაპზე რემონტი აქვთ ოფისში. მეორე საბავშვო ბაღის შენონაში განთავსდებიან. თანამშრომლების აყვანის პროცესიც მიმდინარეობს“, – უთხრეს “მოზაიკას”.
იმის გასარკვევად, თუ რამდენი თანამშრომლის აყვანას აპირებენ და როდის შეუდგებიან მუშაობას, “მოზაიკა” ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა თამაზ თურმანიძემ ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
“საჭესთან ვზივარ, ვერ დაგელაპარაკებით“, – გვითხრა თურმანიძემ.
ინფორმაციისთვის, თამაზ თურმანიძე იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომელმაც ქარელის მერიის არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. საუბარია “საბა კონტრაქშენზე”, რომლის მფლობელი სლავა შერაზადიშვილია. 2013-2024 წლებში, ამ კომპანიას საქართველოს ბიუჯეტიდან 559 714 543 ლარი აქვს მიღებული.
ამავე თემაზე: ვინ და რის სანაცვლოდ დახარჯა ფული ქარელში ამომრჩევლის მოსყიდვაში?