გორის და ქარელის მერიების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.
როგორც ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები ამბობენ, წლის დასაწყისში ხელმძღვანელობა მათთან ერთ-წლიან ხელშეკრულებას აფორმებდა.
“ერთ-წლიან ხელშეკრულებებს გვიფორმებდნენ, როგორც წესი, მაგრამ წელს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაგვიფორმეს“, – გვითხრა ქარელის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომელმა.
თანამშრომლებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები წლის დასაწყისში დაეგზავნათ.
ანალოგიური ვითარებაა გორის ა(ა)იპ-ებშიც. თანამშრომლებს აქაც მხოლოდ ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს, რომლებსაც ვადა თვის ბოლო ეწურებათ.
“არ ვიცით, რა როგორ იქნება. ყოველ თვე ახალ-ახალ ხელშეკრულებებს გაგვიფორმებენ, თუ რამე სხვა გეგმა აქვთ“, – გვითხრა გორის კულტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლების ნაწილი აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც “მოზაიკას” ეუბნებიან, ხელშეკრულების ვადის ცვლილება მათაც შეეხოთ.