სტატიები

მოვითხოვთ სწრაფ გამოძიებას – გორელები ვახო ფიცხელაურის საქმის გამოძიებას ითხოვენ

გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტის ვახო ფიხელაურის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. როგორც ოჯახი ამბობს, ფიცხელაური გუშინ საღამოს სამმა ნიღბიანმა პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან გაიტაცა, სცემა, პირადი ნივთები წაართვა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებმა დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი დასჯა მოითხოვეს.

“გვაქვს დაუცველობის განცდა. ჩემს მეუღლეს მთელი გზა ემუქრებდნენ, რომ მოახდენდნენ მის ლიკვიდაციას. ის სცემეს, გაიტაცეს და მისი სისხარტის ბრალია, რომ თავი დაიხსნა, სხვა შემთხვევაში არ ვიცი, რა იქნებოდა”, – ამბობს თეონა ბზიშვილი.

აქციის მონაწილეებს გამოძიების იმედი არ აქვთ. ალექსანდრე რევაზიშვილის თქმით, ვახო ფიცხელაურზე თავდასხმა “ქართულმა ოცნებამ” დაგეგმა და  ე.წ. ტიტუშკების მონაწილეობით განახორციელა.

“რასაც ახლა სისტემა აკეთებს, ეს არის წამოუდგენელი. ადამიანები, რომლებიც საყოველთაო პროტესტის მონაწილეები ვართ, არ ვგრძნობთ თავს უსაფრთხოდ. ხვალ ნებისმიერს შეიძლება დაესხნენ თავს და ამის გამო არავინ დაისჯება. ჩემზეც მიდის სოციალურ ქსელში მუქარა, მემუქრებიან და მე არ მაქვს განცდა, რომ ვინმე ამ საქმეებს ან გამოიძიებს ან დამიცავს. ესენი წახალისებულები არიან არსებული ე.წ. ხელისუფლებისგან და იციან, რომ მათ არავინ დასჯით”, – განმარტავს რევაზიშვილი.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ფანქველაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ქუჩაში გადაადგილებაც კი სახიფათო გახდა. მისი თქმით, პოლიცია იცავს რეჟიმს და მასთან დაახლოებულ პირებს, ამიტომ ობიექტური გამოძიება მათ ინტერესში არ შედის.

“ჩვენ პოლიცია არ გვიცავს, ის გადაიქცა რეჟიმის დამცველად. პოლიცია იცავს რუსულ რეჟიმს და მათ თანამოაზრეებს. ჩვენ ვისაც გვაწუხებს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, გვისწორდებიან ყოველდღიურად. ჩვენი გადაადგილება უკვე არის სახიფათო. ეს ყველა ოჯახს შეეხება, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა. იმედი მაქვს, რომ პატიოსანი პოლიციელებიც არიან დარჩენილები და სასწრაფო წესით მოხდება ამ დანაშაულის გამოძიება”, –  აღნიშნა თეონა ფანქველაშვილმა.

ცნობისთვის, ვახო ფიცხელაური გორელი სამოქალაქო აქტივისტია. ის ორ თვეზე მეტია ოჯახთან ერთად ქუჩაში საპროტესტო აქციებზე დგას და ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას აპროტესტებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.