სტატიები

გორის მერია 8 სოფელში წყლის სისტემების მოსაწყობად 3 მილიონზე მეტს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად 3 135 830 ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. როგორც სადენტერო დოკუმენტაციებშია აღნიშნული, გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში ჭაბურღილების არასაკმარისი რაოდენობაა, რის გამოც მოსახლეობა სასმელ წყალს სრულფასოვნად ვერ იღებს.

ერთ-ერთი სოფელი, რომელშიც სასმელი წყლის პრობლემაა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი აძვია, რომელსაც ამ დროისთვის ერთი რეზერვუარი აქვს.

“სოფელ აძვის სასმელი წყლის უზრუნველყოფა ხდება  სოფლის მიმდებარედ არსებული რეზერვუარიდან. აღნიშნული რეზერვუარი ემსახურება აგრეთვე მეზობელ სოფელს – ახალუბანს. ორივე სოფელს ემსახურება ერთი ჭაბურღილი და წყლის სიმცირის გამო წყალმომარაგება ხდება გრაფიკით – თითოეულ სოფელს წყალი მიეწოდება დღეგამოშვებით – ორ დღეში ერთხელ, რამდენიმე საათით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაწყდა მოეწყოს ახალი ჭაბურღილი სოფელ აძვის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

სოფელ ახალუბნის მოსახლეობა, რომელიც ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, სასმელი წყლის პრობლემაზე წლებია ჩივის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში წყლის სისტემა რამდენიმე წლის წინ მოეწყო, მოსახლეობას სასმელი წყალი მაინც არ მიეწოდებოდა. 

ახალუბანში მოწყობილი წყლის რეზერვუარი

ამავე თემაზე: “ახალუბანში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, მაგრამ არ მუშაობს” – ენმ 

2021 წელს სოფელ დიცში, ე.წ. ცხინვალის უბანში სასმელი წყლის მოსაწყობად 530 500 ლარი დაიხარჯა, ეს თანხა 50 ოჯახის წყალმომარაგების გაუმჯობესებას მოხმარდა. წელს კი ამავე სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გორის მერიამ  733 400 ლარი გაითვალისიწინა. 

დიცი, ცხინვალის უბანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები

“ამჟამად დიცში რამდენიმე ჭაბურღილია, თუმცა იმის გამო, რომ ყველა უბანში მრიცხველი არ არის, სასმელი წყლის ხარჯვა უყაირათოდ ხდება. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ერთ-ერთი ჭაბურღილის (პოლიციის შენობასთან არსებული) სადაწნეო რეზერვუარის დემონტაჟი და მის ადგილას მოეწყოს 10 მეტრი სიმაღლის, 50 კუბ.მ მოცულობის რეზერვუარი”, – ვკითხულობთ დოკუმენტაციაში. 

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტში შევა დანარჩენი უბნების გამრიცხველიანებაც. ამჟამად სოფელში 413 აბონენტი ირიცხება, საიდანაც გამრიცხველიანებულია 119 აბონენტი.

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს, რომლშიც სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგემება: 

  • ქვეში – 811 700 ლარი;
  • კოშკა- 308 000 ლარი;
  • აძვი – 563 000 ლარი;
  • დიცი – 733 400 ლარი;
  • ერგნეთი და ფლავისმანი – 381 125 ლარი;
  • ფლავი და ქვემო არცევი – 338 605 ლარი. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.