სტატიები

როგორ მოიგო ზარქუას სიძის კომპანიამ ატენის სკოლის მშენებლობის ტენდერი და რატომ ჭიანურდება მშენებლობა?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის მოსწავლეთა მშობლები სკოლის მშენებლობის გაჭიანურებას აპროტესტებენ. აღნიშნული სკოლის რეაბილიტაციის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ “ლაგი კაპიტალი”, რომლის ერთ-ერთი მეწილეც “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას სიძე ალექსანდრე ამისულაშვილი იყო.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ამისულაშვილმა აღნიშნული წილი გაასხვისა, თუმცა 2023 წელს, როდესაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ აღნიშნული ტენდერი გამოაცხადა, ზარქუას სიძე ჯერ კიდევ იყო “ლაგი კაპიტალის” ერთ-ერთი მეწილე.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ “ლაგი კაპიტალს” 20 611 989-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ აიღო შიდა ქართლში 4 სკოლის რეაბილიტაციის პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ ტენდერი კომპანიამ გამოცდილების გარეშე მოიგო – “ლაგი კაპიტალისთვის” ეს პირველი მოგებული ტენდერი იყო.

ტენდერში გამარჯვების პერიოდში “ლაგი კაპიტალის” 50%-იან წილს შპს „ჯე5″ ფლობდა. თავის მხრივ, შპს „ჯე5“-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ალექსანდრე ამისულაშვილია, რომელიც ირაკლი ზარქუას დის, ნინო ზარქუას მეუღლეა. სოციალურ ქსელებში ასევე ხელმისაწვდომია ამისულაშვილის და კახა კალაძის მეგობრობის ამსახველი ფოტოებიც.

ხელშეკრულება მხარეებს შორის 2023 წლის 27 აპრილს გაფორმდა. ტენდერის მიხედვით, “ლაგი კაპიტალმა” ატენის საჯარო სკოლასთან ერთად, ხაშურის N4, ქვიშხეთის და ნაბახტევის სკოლების რეაბილიტაციის პასუხისმგებლობაც აიღო. ხელშეკრულების დადებიდან 21 თვის შემდეგ, ატენის საჯარო სკოლის ბედი კვლავ გაურკვეველია.

ზარქუას სიძემ  “ლაგი კაპიტალის” თავისი წილი 2023 წლის 4 სექტემბერს უსასყიდლოდ გადასცა ია რამიშვილს, ასევე მოიქცნენ დანარჩენი მეწილეებიც, რის შემდეგაც რამიშვილი კომპანიის 100%-ს მფლობელი გახდა. ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის დეკემბერში, ია რამიშვილმა უსასყიდლოდ კომპანია სრულად გადასცა ივანე გახელაძეს, ბოლო მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სწორედ ივანე გახელაძეა.

​რაც შეეხება, სკოლების მშენებლობების საკითხს – ხელშეკრულებაში 2024 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, “ლაგი კაპიტალმა” საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტუის განვითარების სააგენტოსგან თანხის დამატება მოითხოვა. ატენის სკოლის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულ 3 944 572 ლარს დაემატა 26 312 ლარი.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ახლა 120 მოსწავლეზე გათვლილი ატენის საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს. ხელშეკრულებაში წერია, რომ 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შემთხვევაში, 5 თვე დაეთმობოდა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს 12 თვე – ჯამში 17 თვე, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვის შემდეგაც ატენში სკოლა ისევ არ არის აშენებული.

ახალ სკოლაში სწავლის ნაცვლად, ატენელი მოსწავლეები განათლების მისაღებად ამ დრომდე ხიდისთავში დადიან. ამ ფაქტით შეწუხებულმა მშობლებმა დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს. ისინი მოითხოვენ, რომ ატენში სასწავლო პროცესის აღსადგენად ხელისუფლებამ საჭირო ზომები მიიღოს – დააჩქაროს ახალი სკოლის მშენებლობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და უზრუნველყოს ძველი შენობის დროული რებილიატაცია – უფროსკლასელებისთვის.

დატოვეთ კომენტარი