ავტორი: ელენე კროტენო, ვეფხია კასრაძის მეუღლე
უსამართლობა ყოველდღიურობად იქცა. რთულია ამის ატანა. რთულია იმის ყურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, თუმცა დანებება და გაჩერება შეუძლებელია. ვეფხიაც სულ ამას იმეორებს და ახლაც, როცა ციხეშია, აქეთ მამხნევებს.
2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. როცა ასეთ აბსურდულ ბრალდებას უყენებენ ადამიანს, როდესაც ყველა სამართლებრივი ინსტიტუტი სადამსჯელო იარაღად არის ქცეული, ძალიან რთულია იმედიანად ყოფნა.
მცირეწლოვანი შვილები მყავს, რომლებიც მამის ამბებს ტელევიზორიდან იგებენ. ასაკის სიმცირის მიუხედავად, უთქმელადაც კი ხვდებიან, რა ხდება ჩვენს თავს და ზრდასრული ადამიანებივით განიცდიან. ეს ბავშვები ღირსეული მამის ღირსეული შვილები გაიზრდებიან და ვაი, იმათ, ვინც ჯერ გონზე ვერ მოსულა, ვაი, იმ მოსამართლეების შვილებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება შერცხვებათ საკუთარი მშობლების უპრინციპო, მედროვე საქციელის.
ჩვენი ოჯახის შეშინება ასეთი მარტივი არ არის. ჩვენ წლებია რუსული ოკუპაციის პირისპირ ვცხოვრობთ. ყოველდღიურად ვხედავთ იმ ბოროტების შედეგებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას რუსეთმა მოუტანა. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი მტერი. მტერთან ბრძოლით კი არასოდეს დავიღლებით.
ჩვენ ბევრჯერ შეგვეძლო ამ სოფლიდან წასვლა, მაგრამ დავრჩით. ყველაფერი, რაც კი გვქონდა, ამ სოფელს დავახარჯეთ. აქ ყოფნით, აქ ცხოვრებით ჩვენი ქვეყნის მიწას ვიცავთ. აქ ყველა სახლის საკვამურიდან კვამლი უნდა ამოდიოდეს, ყველა ფანჯარაში სინათლე უნდა ენთოს. ამით უნდა დავიცვათ და გავამაგროთ ჩვენი მიწა, რომლის მიტაცებასაც მცოცავი ანექსიით ცდილობენ. ჩვენია ეს ქვეყანა და თუ გვიყვარს, დაცვაც არ უნდა დაგვეზაროს.
ყველამ ერთად, ჩვენი ინდივიდუალური თუ საერთო ბრძოლებით, უნდა მოვახერხოთ და ეს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაბრუნოთ. ამდენ-დღიანი უწყვეტი პროტესტი მაძლევს რწმენას, რომ ჩვენი ხალხი დასახულ მიზანს მიაღწევს – ქვეყანაში დაინიშნება ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდებიან უკანონოდ დაკავებული ადამიანები.