გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ პროგრამულ უზრუნველყოფაში დახმარებისთვის სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია დაიქირავა. გორის ბიუჯეტიდან სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო 63 360 ლარს მიიღებს.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2024 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა. როგორც დოკუმენტიდან ვიგებთ, დაქირავებულმა სააგენტომ ერთი წლის განმავლობაში უნდა გასწიოს სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფა, ფუნქციონალური ცვლილებების შემუშავება, დანერგვა და ტექნიკური მხარდაჭერა.საუბარია სისტემაზე, რომელიც გორის მუნიციპალური ინსპექციისთვის შეიქმნება: protocol-gori.ssg.gov.ge.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მომსახურება გორის მუნიციპალურ ინსპექციას გასულ წლებში არ შეუსყიდია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელსაც ევალება ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელება და სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფა.
მის ამოცანებში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია:
- სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერასთან;
- კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებასთან;
- კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებასთან;
- გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან;
- საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლთან;
- ფარულ ვიდეოჩაწერასთან ან/და აუდიოჩაწერასთან, ფოტოგადაღებასთან;
- სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.