გორის მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს საახალწლოდ პრემიები დაურიგეს.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, 90%-იანი დანამატი წინასაახალწლოდ საკრებულოს აპარატის ყველა თანამშრომელმა მიიღო.
“პრემიები გავეცით საკრებულოს აპარატის 22 თანამშრომელზე, სახელფასო სარგოს 90%”, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.
პრემიების გაცემის ფაქტს ადასტურებენ მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებშიც, თუმცა თანამშრომელთა წახალისებისთვის გაწეულ ხარჯებზე ზუსტი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის წერილობით მიმართვას და 10-დღიან ვადას ითხოვენ.
“საახალწლო პრემიები გაიცა ყველა თანამშრომელზე. თანხა ზუსტად არ მახსოვს, ხელფასის 70% ჩაერიცხა 377 თანამშრომელს”, – გვითრა კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ბარჯაძემ.
“ჩვენს სააგენტოში გაიცა საახალწლო პრემიები, თუმცა ასე ზეპირად თქმა რაოდენობისა გამიჭირდა. თუ გნებავთ, წერილობით მოგვმართე”, – გვითხრა გვანცა მჭედლიძემ, კულტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.
პრემიები აიღეს მერიის თანამშრომლებმაც. ფაქტი “მოზაიკას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების მსგავსად, დეტალური ინფორმაციის მოწოდებისთვის მათაც 10-დღიანი ვადა ითხოვეს.