ახალი ამბები

ხაშურის საბავშვო ბაღებში ქართულ – იაპონური პროექტი იწყება  

ხაშურის საბავშვო ბაღებში ქართულ -იაპონური მოხალისეობრივი პროექტი იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს.

ლელა გელაშვილის ინფორმაციით, პროექტი 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. 

“პირველად საქართველოში და ისიც ხაშურის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი განათლების მიმართულებით, იწყება ქართულ-იაპონური მოხალისეობრივი პროექტი, რომელიც გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას გულისხმობს”, – წერს გელაშვილი. 

მისი თქმით, აღსაზრდელებთან და მშობლებთან იაპონელი მოხალისეები იმუშავებენ. 

“პროექტი გულისხმობს იაპონელი მოხალისეების ჩამოსვლას ხაშურის მუნიციპალიტეტში და საბავშვო ბაღებში მათი მიგნებების და მათი გამოცდილებების გაზიარებას. იაპონელი მოხალისეები უკვე ჩამოვიდნენ ხაშურში. ერთ – ერთი არის ბაღის აღმზდელი, ბაღის აღმზდელებს იაპონიაში აქვთ განსაკუთრებული მიდგომები ბავშვების მიმართ, ბევრი რამ ვნახე როდესაც იაპონიაში სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი და მათთან ერთად ვგეგმავ ხაშურის საბავშვო ბაღებში ამ მიდგომების დანერგვას. მეორე მოხალისე გახლავთ ოკუპაციური თერავპეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა და საქართველოში ბევრი არაა ამ მიმართულებით მომუშავე პედაგოგი. ჩვენ გვაქვს რეაბილიტაცია -აბილიტაციის ცენტრი და ეს თერაპევტი ამ ცენტრში იმუშავებს. მომსახურებას გაუწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარება ამ მიმართულებით”, – გვითხრა გელაშვილმა. 

მისივე ცნობით, იაპონელი მოხალისეები ხაშურში 2 წლის განმავლობაში დარჩებიან. მათ ხარჯებს  იაპონის საერთაშორისო ორგანიზაცია “ჯაიკა” და იაპონიის საელჩო აფინანსებს.

დატოვეთ კომენტარი