ახალი ამბები

„დეკემბერში საზღვრის 12 დამრღვევი დავაკავეთ” – ცხინვალის ე.წ კგბ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (კგბ) გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის მიწურულს, დეკემბრის თვეში სასაზღვრო კანონმდებლობის 12 დამრღვევი დააკავეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული 12 “დამრღვევიდან” ერთ-ერთზე სისხლის სამართლის სამართალწარმოება დაიწყო ცხინვალის ე.წ სასამართლომ.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა სამართლებრივი რეჟიმის თითოეულ დარღვევაზე გამოძიება ჩაატარა.დეკემბერში დაკავებული 12 პირიდან,  5 მათგანს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, ერთი პირი გააძევეს რესპუბლიკიდან. ოთხ დამრღვევს გაფრთხილება მიეცა, ხოლო ერთი დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული”, – წერია ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული სტატისტიკა რადიკალურად განსხვავდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ინფორმაციისგან. სუს-მა დეკემბრის თვეში საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავების ერთ შემთხვევაზე გაავრცელა განცხადება, რა დროსაც უკანონოდ დააკავეს სამხედრო ექიმი ალექსი მამულია და მისი ნათესავი ვანო ჯაფიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები