შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა 595 468-ლარიანი ხელშეკრულება პრობლემურ ინდ.მეწარმეს გაუფორმა, რომელმაც უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა დასუფთავების და სანიტარული მომსახურების სერვისისთვის 595 468 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა ინდ.მეწარმე ია შეყელაშვილს, რომელსაც წარსულში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაში ამხელდნენ.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ია შეყელაშვილთან ხელშეკრულება 2024 წლის ბოლოს დადო. შესყიდვის საგანი პოლიციის ადმინისტრაციული შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიების დალაგება-დასუფთავებაა.
„მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს“, – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში, რომელიც შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ია შეყელაშვილთან დადო.
ნახევარმილიონიანი ხელშეკრულების დადებამდე 2 თვით ადრე ინდ.მეწარმე ია შეყელაშვილი შესყიდვების სააგენტომ გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში შეიტანა. საქმე ეხება თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან გაფორმებულ 968 995 ლარიან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ინდ. მეწარმე ია შეყელაშვილს მეტროს სადგურებისა და ვაგონების დასუფთავების ვალდებულება ჰქონდა აღებული.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ია შეყელაშვილის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამის მიზეზებზე საუბარი არის შესყიდვების ეროვნული სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.
“მეტროს სადგურებისა და ვაგონების დასუფთავების მომსახურების მოთხოვნები არ სრულდება ჯეროვნად და მომსახურება მიმდინარეობს ხარვეზებით, რაზეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაგზავნა გამაფრთხილებელი წერილი. მიუხედავად გაფრთხილებისა, დღესაც არაჯეროვნად მიმდინარეობს როგორც გლდანში, ასევე ნაძალადევში ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი მიმდინარე და გენერალური დასუფთავების სამუშაოები“, – ვკითხულობთ წერილში.
მიუხედავად ამ წინაპირობისა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, მაინც გაუფორმა ნახევარმილიონიანი ხელშეკრულება ინდ.მეწარმე ია შეყელაშვილს. სატენდერო კომისიას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოთარ გომარელი თავმჯდომარეობდა.
ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულ ინდ. მეწარმეს პოლიციის დეპარტამენტი ჯამში 595 468 ლარს გადაურიცხავს. ხელშეკრულების მოქმედება დაიწყო 2025 წლის 1-ელი იანვრიდან და დასრულდება 2026 წლის მარტში.
ია შეყელაშვილი წარმოშობით ხაშურიდანა რის. ის ინდ.მეწარმედ 2015 წლის 14 დეკემბერს დარეგისტრირდა. რეგისტრაციის მისამართი კი თბილისში, დიდ დიღომშია. მასთან თანამშრომლობა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს 2019 წლიდან დაიწყო. ბოლო ხუთ წელში, უწყებას მასთან 1 979 468 ლარის ღირებულების 5 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, აქედან ბოლო 3 ტენდერში შეყელაშვილმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
გარდა ამისა, აღნიშნულ ინდივიდუალურ მეწარმესთან ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახალხო დამცველს, თავად შესყიდვების სააგენტოს, ასევე კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს.