ბლოგები

“ახალი საზოგადოება დაიბადა, რომელიც ახალ წელსაც და შობასაც რუსთაველზე შეხვდა”

ავტორი: ირაკლი მილაძე

საქართველოში ახალი სამოქალაქო საზოგადოება დაიბადა, რომელიც ახალ წელსაც და შობასაც რუსთაველზე შეხვდა – იქ, სადაც ადამიანები ყოველდღიური ჯიუტი დგომით საკუთარ ერთგულებას გამოხატავენ ამ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის და ამ ბრძოლაში დატყვევებული ადამიანების მიმართ. 

მეც ამ ადამიანებთან ერთად ვიდექი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული დღეების თანამონაწილე ვარ. მიხარია, რომ “ქართული ოცნების” ბოსებმა რამდენიმე-წლიანი მცდელობის მიუხეავად, ქართველი ადამიანის ბუნება ვერ დაამახინჯეს – ჩვენი ერი დარჩა თავისუფლების იდეის ერთგული და ამას ამტკიცებს ამ ყოველდღიური ბრძოლით. 

ქართველმა შეიძლება ბევრი რამ მოითმინოს, მაგრამ თავისუფლების შეზღუდვას არასოდეს შეეგუება.  ფაქტია, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება გაერთიანდა –  სხვადასხვა ასაკის, განსვავებული შეხედეულებების თუ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მოქალაქეებმა ერთი ძლიერი და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს, რომელიც აგერ უკვე 43-ე დღე ქუჩაში დგას.

ახალი წლის ღამეს ვნახე მომღიმარი, ბედნიერი სახეები. გაიშალა კილომეტრიანი სუფრა. ვისაც რა ჰქონდა, ის მოჰქონდა მაგიდის გასაწყობად. ზოგმა ჩურჩხელა მოიტანა, ზოგმაც – გოზინაყი. ეს იყო საერთო ეროვნული თავყრილობა, რომელიც ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ასე იყო 6 იანვრის ღამესაც, როცა ათასობით ადამიანი ერთად ელოდა შობის დღესასწაულს –  ხალხი სანთლებით შეხვდა შობას და ღმერთს ტირანიის დასრულებას შესთხოვდა.

ვეღარანაირი პროპაგანდა ვეღარ კვებავს ქოცურ გარემოცვას. ყველა წნეხი გადატყდა. ეგონათ, რომ საახალწლო ჟრიამულებას გადაყვებოდა ხალხი და პროტესტი მიილეოდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები რჩებიან იდეის და ქვეყნის სამსახურში. უკვე დაანონსდა რამდენიმე საათიანი გაფიცვა 15 დეკემბერს. 

ამ უწყვეტმა პროტესტმა დამანახა, რომ დანებებას არავინ აპირებს. ჩემი მეგობრები, რომლებიც აქამდე არასდროს არ ყოფილან აქციებზე, ახლა ჩემზე ადრე მიდიან ხოლმე რუსთაველზე. გამარჯვება აუცილებლად მოვა, თუმცა ეს შეიძლება დროში იყოს გაწელილი და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

ახალ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ახალი პოლიტიკური კლასიც იბადება. ამ ეგზისტენციალურმა მდგომარეობამ გაგვზარდა ყველა. 

ჩვენმა საზოგადოებამ საკუთარი ძალა და ხასიათი არა მხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ ოპოზიციასაც აჩვენა – ახლა ამ ქვეყანაში ყველამ იცის, რომ დიქტატურას, უსამართლობას, დემოკრატიულ განვითარებაზე უარის თქმას ხალხი არავის დაანებებს და არასოდეს შეეგუება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები