სტატიები

მოუწესრიგებელი გზა – წლიდან წლამდე მოუგვარებელი პრობლემა ხაშურში 

“ტალახით სავსე ქალაქი”, – ასე აღწერენ ადგილობრივები ხაშურს და ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ჩივიან.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოუწესრიგებელი გზები წლიდან წლამდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება და უამინდობის დროს ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი ხდება. 

გასული წლის ბოლოს ხაშურში მოსულმა თოვლმა ეს პრობლემა უფრო გაამწვავა, თოვლს ყინვები დაერთო და პერიფერიებში კი არა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც გავლა პრობლემური გახდა. 

“აღარ მინდა ტალახში იძირებოდეს ჩემი ქალაქი! მამტყუნებთ? ვისაც გინდათ ტალახი, ორივე ფეხით ზილეთ! მე არ მინდა! ამ გზების, ტალახის და ხალხის ამ მდგომარეობაში ჩაგდების გამო, უნდა გამოვიდეს მთელი ხაშური და პასუხი მოთხოვოთ ხელისუფლებას,  – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ქეთევან ახალკაცი, რომელმაც გადაადგილებისას ფეხის ტრავმა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში გზების გაწმენდასთან დაკავშირებით ინტენსიურად ავრცელებდა განცხადებებს, მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილო იყო და ამბობდა, რომ მერია გზების გაწმენდას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა.  ხაშურელები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტალახია და გადაადგილება გართულებულია, განსაკუთრებით ქვეითებისთვის. 

“ვინც 26 მაისის ქუჩაზე ყოველ დღე მოძრაობს, ნამდვილად სამოთხეში მოხვდება, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი გამოვლილი აქვს”, – წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ადგილობრივი თორნიკე რურუა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის სისტების მოსაწყობად გადათხრილი ქუჩები მოუწერიგებელი დატოვეს და ამის გამო, გზებზე მდგომარეობა გაუარესდა. 

“რომელ ქუჩაზეც დამთავრდა წყალ-კანალის გაყვანილობა, არ მოასფალტეს, დატოვეს უარესად ათხრილ-დათხრილი, ტალახით და კიდე გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ამბავს თურმე”, – ამბობს ია ნოზაძე. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას, წინა წლების მსგავსად, ახალი წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებული აქვს თანხა გზების რეაბილიტაციისთვის, რაც 3 523 000 ლარით განისაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.