სტატიები

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ექიმისა და მისი ახლობლის შესახებ სუს-ი 14 დღეა დუმს

სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ალექსი მამულია და მისი მეგობარი ვანო ჯაფიაშვილი რუსმა ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა მათი ვინაობები არ დაუსახელებია. 

6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა მათ 2 თვიანია წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ამ დრომდე, მათ შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. უცნობია ასევე, როგორია უკანონოდ დაკავებული ექიმისა და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

რას ედავება დე ფაქტო რეჟიმი დაკავებულებს? 

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებმა 24 დეკემბერს დააკავეს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.  მოგვიანებით დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე “დეზერტირის დასახმარებლად გადავიდენენ”. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, 1999 წელს დაბადებული პირი, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არც ამ ბრალდების პასუხად გაუკეთებია განცხადება. უწყება არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. 

რას ამბობენ უკანონოდ დაკავებული ექიმის ახლობლებლები? 

ალექსი მამულიას ახლობლებლები მედიასთან ღიად საუბარს ამ დრომდე ერიდებიან, თუმცა როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ “მოზაიკას” უთხრა, ალექსი მამულია საოკუპაციო ხაზთან მეგობრის დასახმარებლად წავიდა, თან კი ვანო ჯაფიაშვილი გაიყოლა. ახლობლები ამბობენ, რომ მათ საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ და საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიაზე იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, უკანონოდ დაკავებული ექიმი ოტორინოლარინგოლოგია და საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს, მათ შორის გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალშიც. 

დატოვეთ კომენტარი