ახალი ამბები

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს პატიმრობა შეუფარდა 

ცხინვალში დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტებმა 24 დეკემბერს დააკავეს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. 

მოგვიანებით დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე “დეზერტირის დასახმარებლად გადავიდენენ”. საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, 1999 წელს დაბადებული პირი, გვარად მამარდაშვილი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობდა, რაშიც მამულია ჯაფიაშვილი ეხმარებოდნენ. 

“23 დეკემბერს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი მამარდაშვილს ცხინვალში ჩასვლაში დაეხმარა. ამის შემდეგ მისი „დროებითი საიდუმლო განთავსება ფიქციური რეგისტრაციით ქალაქის ერთ-ერთ კერძო სასტუმროში“ მოხდა. 24 დეკემბერს კი საქართველოს დე ფაქტო საზღვარზე მიიყვანეს. საზღვართან ახლოს მამარდაშვილის მოლოდინში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოდან უკანონოდ შევიდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და იმავე მარშრუტით უკან დაბრუნებას აპირებდნენ დეზერტირ სამხედროსთან ერთად. ამ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას, რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებამ მამარდაშვილი, მამულია და ჯაფიაშვილი დააკავა“, – ნათქვამია დე ფაქტო რეჟიმის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რაც შეეხება, მამარდაშვილს, დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა და ის რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა. 

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა, თუმცა მათი ვინაობა არ გაუსაჯაროებია.

დატოვეთ კომენტარი