სტატიები

“ამ ჯაჭვს ვერ ჩაშლი, ბიძინა!” – “ერთობის ჯაჭვი” მოქალაქეებმა გორსა და ხაშურშიც შეკრეს

“ერთობის ჯაჭვი” მოქალაქეებმა გორსა და ხაშურშიც შეკრეს. ისინი ორი მთავარი მოთხოვნით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული ადამიანები. 

ჯაჭვის მონაწილეებმა ბანერებიც მოიტანეს, რომლებზეც ეწერა: “ამ ჯაჭვს ვერ ჩაშლი, ბიძინა!”, “გორი არ იქნება სარატოვი!” , “გმირების სოფელი შინდისი ირჩევს ევროპას” და სხვა. 

“ეს არის ხალხის ერთობა რუსეთის მიერ მართული “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ვითხოვთ ახალ, დემოკრატიულ არჩევნებს და უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ მირზაშვილი. 

როგორც მოქალაქეები ამბობენ, “ქართული ოცნების” ძალადობრივი პოლიტიკის მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გასაახლებლად. 

ჩვენ საქართველოს ნამდვილად არ დავთმობთ და არც ბოდიში გვაქვს მოსახდელი ოკუპანტებისთვის. ქართველს შეუძლია მოთმენა, მაგრამ როცა ზღვარს გადახვალ, ვეღარ გააჩერებ. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზვიად მშვიდობაძემ. 

აქციას ქვეყანაში ახლახანს დაბრუნებული ემიგრანტებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, ისინი საქართველოში “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკის დასასრულებლად დაბრუნდნენ. 

ეს ჯაჭვი ჩემთვის არის ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლო, რომლითაც გამოვხატავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფალი, დემოკრატიული, არაძალადობრივი და ევროპული განვითარების სურვილს და არჩევანს“, – თქვა ქრისტინა პიტალსკაიამ, რომელიც ბელგიიდან საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნითა ჩამოვიდა. 

ვარ ძალიან ამაყი იმით, რომ ვდგავარ გორში, რომელიც იყო დაბომბილი ქალაქი რუსების მიერ. დღეს, ზუსტად რომ რუსებს ვებრძვით საქართველოში. მინდა ევროპული მომავალი, კეთილდღეობა”, –  გვითხრა შორენა მეგრელიშვილმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა.

მსგავსი განწყობები იყო ხაშურშიც, სადაც მოქალაქეებმა “ერთობის ჯაჭვის” შემდეგ ქალაქში მსვლელობა მოაწყეს. 

არა რუსეთს! გაუმარჯოს საქართველოს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. 

მათ ქალაქის ქუჩები ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მოიარეს. ასევე ჰქონდათ ბანერი, წარწერით ” ევროკავშირი ჩვენი არჩევანია!”. 

დატოვეთ კომენტარი