ახალი ამბები

“გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს

“გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” გორის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ “ხელოვნების სახლმა” განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ჩვენ არ ვეთანხმებით გორის მერიის გადაწყვეტილებას და ვაპირებთ სამართლებრივ დავას ხელოვნების სახლის გადასარჩენად. ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!“. 

სივრცე, სადაც ხელოვნების სახლი განთავსდა, წლების განმავლობაში მიტოვებული და მოუვლელი იყო. “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” წევრებმა კი იქაურობა დაასუფთავეს და კულტურულ სივრცეს აქციეს. მერიასთან დადებული უზურფრუქტის ხელშეკრულების მიხედვით, მათ აღნიშნულ სივრცეში ყოფნა 2026 წლამდე შეეძლოთ, თუმცა მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა.

კლუბის წევრები ფიქრობენ, რომ მერიის ეს გადაწვეტილება პასუხია მათ ბოლო დროინდელ აქტივობებზე – კერძოდ კი, ინსტალაციაზე “ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის”.

ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით კოლაბორაციული გამოფენა, რომელიც იყო რეფლექსია მიმდინარე პროტესტებზე და აერთიანებდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს. ინსტალაციის გახსნიდან ზუსტად 5 დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელიც გვთხოვდა 2 თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას“, – ნათქვამია “ხელოვნების სახლის” განცხადებაში.

“ხელოვნების სახლის” დამფუძნებლები ამბობენ, რომ მერიამ მათ შენობის დატოვება აბსურდული მიზეზებით მოსთხოვა.

ჩვენს საპასუხო წერილში ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარის მიღების შემდეგ, გორის მერიამ მორიგი აბსურდული მიზეზი დაასახელა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად- ელექტროენერგიის განმხოლოება. ჩვენ გვქონდა ელექტროენერგიის საკითხის მოგვარების მცდელობა, თუმცა “ენერგო-პროსგან” მივიღეთ პასუხი, რომ ამ პროცესს მერიის თანხმობა ჭირდება. ასევე, ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ელექტროენერგიის გამხოლოვების ვადა, შესაბამისად ჩვენი მხრიდან ხელშეკრულება არ დარღვეულა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, ხელოვნების სახლი არის სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოდ და ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. 2016 წელს, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა” დაიწყო სივრცის დასუფთავება და კამპანია მისი რეაბილიტაციისთვის. ამ პროცესში ჩართული იყო ასობით ადგილობრივი მოხალისე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ერთობლივი ძალისხმევით, ტერიტორია დასუფთავდა, მოწესრიგდა და იქ “ხელოვნების სახლი – Art House” გაიხსნა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.