ახალი ამბები

ვეფხვია კასრაძემ, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, შიმშილობა დაიწყო 

თბილისში დაკავებულმა ვეფხვია კარსაძემ შიმშილობა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ კახა კოჟორიძე ავრცელებს. 

“შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს”, – წერს კოჟორიძე. 

მისი ინფორმაციით, პროკურატურას არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც კასრაძე საპატიმროში უნდა იყოს, თუმცა ბრალდების მხარეს ეს არ აინტერესებს.  

“ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ ,,დაორგანიზებულ” ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!”, – ამბობს კოჟორიძე. 

კოჟორიძის თქმით, საქმის პროკურორი ცდილობს გამოგონილი მიზეზითა და ბრალდებით კასრაძე პატიმრობაში დატოვოს. 

“პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს??? ან როგორ უნდა გაანადგუროს? მიიმალებაო… კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ. მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო…”, – ამბობს კოჟორიძე. 

ინფორმაციისთვის, ერგნეთელი ვეფხვია კასრაძე ორი კვირის წინ თბილისში დააკავეს, იგი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

დატოვეთ კომენტარი