“გაფიცვა ყველა დასაქმებულის კანონიერი უფლებაა” – ამბობენ იურისტები და იმ დათქმებს განმარტავენ, რომელთა შესრულების შემთხვევაში, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
- გაფიცვას წინ უნდა უძღოდეს დამსაქმებლისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნა, სადაც მითითებული იქნება დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები;
- გაფიცვის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, გადაუხადოს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება;
- გაფიცვა არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, თუკი იგი სასამართლოს მიერ უკანონოდ არ იქნება ცნობილი.
როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ამბობს, გაფიცვა არის დასაქმებულის დროებითი და ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.
“გაფიცვას წინ უნდა უძღოდეს დამსაქმებლისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნა, სადაც მითითებული იქნება დავის წარმოშობის საფუძველი“, – განმარტავს ლექსო მერებაშვილი.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთევან ბებიაშვილის თქმით, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გაფიცული თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს.
“თუკი ვინმეს უნდა რომ პროტესტის ნიშნად გაიფიცოს, უნდა ჩააყენოს საქმის კურსში დამსაქმებელი, შესაბამისი წერილით უნდა მიმართოს. დამსაქმებელს არ აქვს უფლება ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლოს. თუკი მაინც მოხდა მსგავსი რამ, დასაქმებულს შეუძლია იჩივლოს სასამართლოში“, – ამბობს ქეთი ბებიაშვილი, საია-ს იურისტი.
იურისტების თქმითვე, გაფიცვა საერთაშორისო სამართლით დაცული უფლებაა.
“ის, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ფორმად გაფიცვა აირჩიეს, ახალი არ არის, რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პროტესტის ეს ფორმა დასაშვებია მაშინ, როცა ყველა სხვა ლეგიტიმური მეთოდი ნაცადი და ამოწურულია. საქართველოში მოსახლეობის პროტესტი ზუსტად ამ ფაზამდე მივიდა“, – აღნიშნავენ იურისტები.
ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების პარალელურად, ადამიანები იფიცებიან და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს ხელისუფლების მიერ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილების, ევროკავშირზე უარის თქმის და საკუთარი მოქალაქეებისადმი ძალადობრივ ქმედებების გამო.