ახალი ამბები

25 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს პატიმრობა შეეფარდა

25 ნოემბერს აქციაზე დაკვებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

აღკვეთი ღონისძიების განმხილველ სხდომაზე ანატოლი გიგაურმა ისარგებლა სიტყვის უფლებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

 „სახეში მომხვდა მუშტი, ხელის მოხვედრისთანავე წავავლე ხელი პოლიციელს, რომელმაც ხელი დამარტყა, ვუთხარი, რატომ დამარტყი ხელი-მეთქი. შემაგინა და დასარტყმელად მოიქნია ხელი, ამ დროს მდგომარეობიდან გამოვედი და ვკარი ხელი. ამ მოვლენების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევარში აქცია დავტოვეთ. „ვეფხი და მოყმესთან“, პოლიციის მანქანამ გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა, კარი გავაღე, ხელი დავალაგე მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. მესმოდა ხმები აქეთ გამოიყვანეო, მანქანის უკან გამიყვანეს, ვის დაარტყი ხელიო მითხრეს, ძირს დამახეთქეს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ, სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს… მერე გზაში ურეკავდნენ, სისხლი შეუწყვიტეთო? შემდეგ სამმართველოში გადამიყვანეს, მკითხეს, რა მოხდაო, მოვყევი. მაძალებდნენ, რომ ეს ტანსაცმელი გამეხადა და მათ მიერ მოტანილი სამოსი ჩამეცვა, რაზეც უარი განვაცხადე. ის ადამიანი, რომელმაც ხელი დამარტყა, შემოვიდა და მითხრა, რომ ის ტანსაცმელი უნდა ჩამეცვა. უარის შემდეგ, ერთი ათჯერ ჩამარტყა თავში, შემოცვივდნენ სხვებიც, ხომ გითხარი ხელი არ დაარტყაო და გაიყვანეს“, – განაცხადა გიგაურმა.

გიგაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი