ახალი ამბები

პროკურატურამ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალი წარუდგინა 

საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს ბრალი წარუდგინა. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების განცხადებითვე, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი გიგაური საპროტესტო აქციებს ქარელიდან შეუერთდა. 25 ნოემბერს კი ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანატოლი გიგაურის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მდგომს აღენიშნება დაზიანებები სახის მიდამოში. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახის მიდამოში აღენიშნება დაზიანებები, სისხლჩაქცევები, თვალბუდეზე, როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილში. როგორც თავად განმარტა, აღნიშნული დაზიანებები მას რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა დაკავებამდე”, – აცხადებს ადვოკატი. 

მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ გიგაურმა ინფორმაცია სახალხო დამცველსაც მიაწოდა. 

მოქალაქის განცხადებით, დაკავებისას მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და იგი სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აპარატის ინფორმაციით, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, რომლის მიმდინარეობასაც მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები