“თუ გაქვს გაიღე, თუ არ გაქვს აიღე“, – გორელმა მოქალაქემ თეონა შატაკიშვილმა შეჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად სოციალური კამპანია წამოიწყო.
თეონა შატაკიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ დაახლოებით 10 ბავშვის წერილს მიიღებს და მათ სურვილებს შეუსრულებს.
“საახალწლოდ მივიღებ 10 ბავშვის წერილს, რეალური სურვილით. მთავარი პრინციპია იყოს მრავალშვილიანი, ან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან. ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებით პატარები ელოდებიან, სჯერათ, რომ თოვლის ბაბუა მათ სურვილს შეასრულებს. ჩვენს ქალაქში კი ბევრი ოჯახია, რომლებსაც ელემენტარული საჩუქრის ყიდვა არ შეუძლია. მე კი მინდა, რომ ამ ჯადოსნურ დღეს ყველა პატარას უნდა სჯეროდეს, რომ მათი სურვილები ახდება, ჩემი წამოწყების მიზანიც სწორედ ესაა”, – ამბობს თეონა.
კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. როგორც თეონა ამბობს, თუ დახმარების მსურველი გამოჩნდებიან ამით კიდევ უფრო ბევრი ბავშვის გახარებას შეძლებს.
“ჩემი შვილები რომ იღებენ საჩუქრებს, სულ ის ფიქრი მაქვს, ნეტა სხვა ბავშვები როგორ ხვდებიან ამ დღეს, ვის რა უნდოდა და ვერ მიიღო. ამიტომ ყოველ წელს ვცდილობ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარო შეჭირვებულ ოჯახებს, ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შემომიერთდეთ. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი რომელიმე წერილის ავტორი გაახაროთ, კომენტარშივე მიუწერეთ “მე ვიქნები შენი სანტა და უკვე თქვენ მოგიწევთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია”, – წერს თეონა ის.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თეონას სოციალურ ქსელში დაუკავშირდნენ.