სტატიები

გორში ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ბედი კვლავ ბუნდოვანია – მერია კომენტარს არ აკეთებს

ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ბედი კვლავ ბუნდოვანია. როგორც ისინი “მოზაიკას” ეუბნებიან, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ შენობაში დარჩენა მათთვის საშიშია. ისინი მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას გორის მერია აკისრებენ, რომელიც საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. 

_______

“კიდევ ერთხელ იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რომ შენობა ავარიულია” – მსგავსი შინაარსის წერილი “მოზაიკამ” ერთ-ერთი იმ სოციალურად დაუცველისგან მიიღო, ვინც კომბინატის დასახლებაში, ნარკოლოგიურის ყოფილ შენობაში ცხოვრობს. 

როგორც “მოზაიკასთვის” გახდა ცნობილი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ კიდევ ერთხელ შეისწავლა შენობის მდგომარეობა და მოსახლეობას სიტყვიერად განუმარტა, რომ იქ ცხოვრება სიცოხლისთვის საშიშია. 

თბილისიდან იყვნენ ჩამოსულები, როგორც თავად გვითხრა, სამხარაულიდან იყო. თან ახლდა კობა კლიმიაშვილი. საბოლოო დასკვნით, აქ ცხოვრება არ შეიძლება. დამატებით ფოტოები გადაუღო ოთახებს და ძალიან შეშინებული წავიდა არსებული მდგომარეობით“, – გვითხრეს მაცხოვრებლებმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტი “მოზაიკას” კობა კლიმიაშვილმაც დაუდასტურა, რომელიც კომბინარის დასახლებაში მერის წარმომადგენელია. 

მე არაფერი არ შემიძლია, რომ გითხრათ. შენობა არ ახსოვდა და მივიყვანე. დაათვალიერა, დასკვნა ჯერ არ დადებულა. არც საუბარს დავსწრებივარ, ათვალიერებდა. რაღაც დროის შემდეგ დადებენ დასკვნას“, – გვითხრა კლიმიაშვილი.

სამხარაულის ექსპერტიზის ბოუროს ახალი დასკვნა ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცნობილია პირველი დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შენობა ავარიულია.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნის გარდა, შენობის შესახებ კრიტიკული შეფასება გააკეთა “სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც”, რომელიც მერიას შენობიდან ოჯახების დაუყოვნებლივ გაყვანას სთხოვდა. 

შენობის მდგომარეობა, რომლის დაზიანებაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია – ირღვევა შენობის უკანა კედელი, საცხოვრისი დანესტიანებულია, ხოლო დეფორმირებული ჭერი და კედლები ინგრევა. ამის გამო უსახლკარო პირები საცხოვრისის ჩამოქცევის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ“, – ეწერა ორგანიზაციის დასკვნაში. 

სხვა თავშესაფრის გამოყოფას უკვე წლებია ითხოვენ თავად ის ოჯახებიც, რომლებიც ავარიულ შენობაში ცხოვრობენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მათ მოთხოვნას ამ დრომდე არ აკმაყოფილებს. 

ამ პრობლემის მოგვარების საჭიროებაზე წლებია საუბრობს ოპოზიციაც. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ეს საკითხი 2025 წლის ბიუჯეტის შენიშვნებშიც ასახეს და მერიას წერილობით მოუწოდეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს თანხები ამ ადამიანების ბინებით დაკმაყოფილებისთვის. 

“ამ ადამიანისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფას ვითხოვთ. ამ შენობაში ცხოვრება შეუძლებელია და ამას ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნა. შენობის რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხები უბრალოდ ფულის ყრაა და მეტი არაფერი. მოვითხოვთ ამ ადამიანების ბინებით უზრუნველყოფას, თორემ თუ აქ დარჩებიან, შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგი დადგეს, რომელზე პასუხისგებაც მერიას მოუწევს“, – ამბობს კახა ლობჟანიძე.

რას უპირებს გორის მერია ავარიულ შეობაში მცხოვრებ მოქალაქეებს და რა ფორმით გაითვალისწინებს მათ საჭიროებებს 2025 წლის ბიუჯეტში, უცნობია.  მერიის საზგადოებასთან ურთიერთობის სამსახური “მოზაიკას” საკითხის მოკვლევას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.