ავტორი: ლექსო ვალიაური
ავტორიტარიზმთან ბრძოლაში ერთი ინსტრუმენტი არ არსებობს და ყველა ერი თვითონ ქმნის საკუთარ ისტორიას, როდესაც ასეთი გამოწვევის წინასე დგება, ამიტომ ჩვენ ჩვენი წილი გასაკეთებელი შეიძლება ამ წუთში თანმიმდევრულად დანახულიც არ გვქონდეს, მაგრამ ეს პროცესი, რომელიც საზოგადოებაში უზარმაზარი მუხტის მაჩვენებელია, აუცილებლად გვაჩვენებს გზას ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ.
ჩვენ არ უნდა დავთმოთ უმთავრესი და ფუნდამენტური, ჩვენი უფლებები. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ჩვენი უფლებების შელახვას, წართმევას და მიტაცებას. ასე ფიქრობს ყველა, ვინც ახლა იბრძვის და მჯერა, რომ ეს პროტესტი იქნება თანმიმდევრული და შედეგის მომტანი. ამის გარანტიაა საზოგადოების ის მუხტი, რაც ქუჩებში იგრძნობა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, “ქართულმა ოცნებამ’ გამოაჩინა საკუთარი სახე – “რუსული კანონის” მიღებამ კი ყველა ეჭვი საბოლოოდ გააქრო და ფაქტად დაგვანახა, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება.
ყველამ ვიცით, რომ ერთადერთი გზა და გამოსავალი ჩვენიve ხელშია, ჩვენივე ბრძოლისუნარიანობასა და შემართებაში. ეს ხელისუფლება ვერ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, რადგან მას ლეგიტიმაციას ხალხი აღარ აძლევს.
როცა ხელისუფლება სცდება კონსტიტუციის ჩარჩოს, ის ხდება არალეგიტიმური. ამ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება, თავისი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ჩათვლით, რომელმაც ყველაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა არჩევნების გაყალბების პროცესში, არის დამნაშავე, კონსტიტუციას გაცელილი ხელისუფლებაა. მხარდაჭერა, რომელიც მათ ფურცელზე დაიწერეს, საზოგადოებას არ მიუნიჭებია.
“ქართულ ოცნებას” თავისი ასეთი არასწორი პოლიტიკის წარმოებისგან რომ თავი შეეკავებინა, ჩვენ ვიქნებოდით გაცილებით წინ. შესრულებული გვექნებოდა ის რეკომენდაციები, რომლებიც ევროპასთან დაახლოებისთვის არის საჭირო. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ახლა დანებება ნიშნავს რუსეთის ჭაობში ცხოვრებას.
დღეს ბორბალი ტრიალებს უკუღმა, ყველა მომდევნო დღე არის ასჯერ და ათჯერ დიდი დანაკარგი ქვეყნისთვის. “ქართული ოცნების” ურჩობას მოჰყვება სანქციები, შეასაძლოა მოხდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რომელიც უდიდეს ზიანს მიაყენებს ქვეყანას. დღეს საზღვარგარეთ მილიონზე მეტი ადამიანია, რომლებიც აქ ოჯახებს ინახავენ. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა დარტყმა იქნება ამ ხალხისთვის. ჩვენ ყველა ეს მოსალოდნელი საფრთხე უნდა გავაანალიზოთ და უფრო შემართებით ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მინიმუმ “ქართულმა ოცნებამ” დანიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და რომელსაც ჩაატარებს სანდო, ობიექტური და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია.
მე მჯერა, რომ საბოლოოდ, ეს ქვეყანა იქნება განვითარებული, ძლიერი და თავისუფალი, უბრალოდ ასეთ საქართველოში ცხოვრებას ვიმსახურებთ ჩვენც – ეს თაობა, ვინც დღეს ვცხოვრობთ და ამ თაობას ხელში გვიკავია გასაღები, რომელიც დასავლეთის კარს შეაღებს.