ადამიანები ისტორიები

250 ლარით დაწყებული საქმე და დასავლური დახმარება – ბადრი ციქუბაძის წარმატების ისტორია

პირველი ჩემი ინვესტიცია იყო 250 ლარი, ამით შევიძინე სახრახნისი და კუთხსახეხი, – ამბობს ბადრი ციქუბაძე, რომელმაც მოგვიანებით, დასავლური დაფინანსების დახმარებით წამოწყება გააფართოვა, კარალეთის დევნილთა დასახლებაში საწარმო ააშენა და ჩირის საშრობი აპარატების დამზადება დაიწყო.

ბადრი სოფელ კნოლევში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს და საკუთარ მიწაზე ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. პირველად საშრობი აპარატის საჭიროება მაშინ გაჩნდა, როდესაც ხილის გაშრობა და ჩირად წარმოება მოინდომა.

“წლების წინ გამიჩნდა იდეა ბიოლოგიური მეურნეობა გამეკეთებინა და მეწარმოებინა ხილი და ბოსტნეული. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლება მოვუხერხო ამ სუფთა პროდუქტს და გადავწყვიტე მეწარმოებინა გადამუშავებული პროდუქტი – ჩირი. წარმოების პროცესში დავინახე, რომ საჭირო იყო დამხმარე ტექნიკა. ბაზარზე ამ ტექნიკის მოძიება დავიწყე. აღმოჩნდა, რომ იმდენად ძვირადღირებული იყო, ჩვენი სახსრებით ვერ შევწყდებოდით, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა გამომეყენებინა და დავაპროექტე პირველი მოდელი, რომელსაც დავარქვი “ენლილი”, – გვიყვება ბადრი.

ბადრი თავდაპირველად, საშრობ დანადგარს ავტოფარეხში აწყობდა. შემდეგ შეიძინა მიწა, სადაც საწარმო ააშენა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შესაბაისი ტექნიკით აღჭურვა.

“პირველი წარმოება გავაკეთეთ ავტოფარეხში და ორი წლის განმავლობაში იქ ვაწარმოებდით. შემდეგ ნაკვეთი შევისყიდე და იქ ავაშენე საწარმო. დავიწყე საგრანტო პროექტებში მონაწილეობის მიღება, მოვიპოვე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის გრანტი, რითიც აღვჭურვე ჩემი საწარმო დაზგა-დანადგარებით და იარაღებით“.

როგორც ბადრი ამბობს, საშრობი აპარატის მოხმარება ძალიან მარტივია და მისი დახმარებით მეწარმეებს ბევრი დროის და ენერგიის დაზოგვა შეუძლიათ.

“ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ კონდენსანტს არ იკეთებს, რაც უმეტესი დანადგარების პრობლემაა. აღებული გვაქვს ქიმიურად დაუმუშავებელი ხე და პოლიესტერი, რომელიც რეაქციაში არ შედის პროდუქციასთან. კონსტრუქცია მთლიანად უჟანგავი მეტალისაა, სოკოს გავრცელების რისკი ნულამდეა შემცირებული. ტექნოლოგია მუშაობს ცივი და ცხელი სინქრონული დაქროლვის პრინციპით. შესაბამისად, გამომშრალი პროდუქტი უახლოვდება ბუნებრივ პირობებში მიღებულ პროდუქტს”.

ბადრის აღნიშნულმა წამოწყებამ და დასავლურმა გრანტებმა საშუალება მისცა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინა დამწყები მეწარმეებისთვის.

დატოვეთ კომენტარი