სამხედრო ჰოსპიტალს ყოფილმა თანამშრომელმა, თეო დოთიაშვილმა სასამართლო დავა მოუგო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დოთიაშვილი ჰოსპიტალმა სამსახურში უნდა აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს.
“ბრძოლა გამარჯვებისათვის დასრულდა, თან ისე დასრულდა, როგორც ვიმსახურებდი, გამარჯვებით. უზენაესი სასამართოს მოსამართლემ ქალბატონმა თეა ძიმისტარაშვილმა მიიღო მართლაც სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება – სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. უდიდესი მადლობა მას ამ გადაწყვეტილებისთვის მე ბრძოლაც მოვიგე და ომიც“, – წერს თეო დოთიაშვილი.
დოთიაშვილის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავდა. სასამართლო დავა სამი წელი გაგრძელდა და ყველა ინსტანცია მოიარა. საბოლოოდ კი, უზენაესმა სასამართლომ დოთიაშვილის მოთხოვნები დააკმაყოფილა.