“ქართული ოცნების” წევრი და “რუსული კანონის” მხარდამჭერი ზაალ დუგლაძე, რომელმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია ანტიევროპულ პროგანდაზე ააგო, შვილის განათლებისთვის, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის და დასვენებისთვის სწორედ დასავლეთის ქვეყნებს ირჩევს.
“პირდაპირი მოწოდება იყო, ეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ქართველები ჩავრთულიყავით ომში, მაგრამ ხელისუფლების სწორი ნაბიჯებით, არანაირი საშუალება არ მივეცით საქართველოში კონფლიქტი დაწყებულიყო. ალბათ კიდევ ბევრი შემოტევა გვექნება უცხო ქვეყნებიდან ლიბერალური წარმოშობის პოლიტიკოსებისგან, მაგრამ ჩვენ მათ უნდა გაუძლოთ და ვუძლებთ კიდევაც. ეს “რუსული კანონი” უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ეს არის ქვეყნის მიღწევა, რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც ერთ-ერთი გადამრჩენელი ჩვენი კულტურის და ჩვენი ტრადიციების“, – ესაა ის განცხადება, რომელიც ზაალ დუგლაძემ ხაშურში “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე გააკეთა.
დუგლაძე ანალოგიურ გზავნილებს ავრცელებდა მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებისასაც, თუმცა ამის პარალელურად მისი ოჯახის წევრები სწავლობენ, ისვენებენ და შოპინგობენ სწორედ ევროპაში.
კერძოდ, როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ხაშურსა და ქარელში “ქართული ოცნების” დელეგატის, ზაალ დუგლაძის შვილი ბრიტანეთში სწავლობს. 20 წლის ელისაბედ დუგლაძე ინგლისში ცხოვრობს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტის “Imperial College London” სტუნდეტია და მისთვის დასავლური განათლების მიღება ოჯახს წლიურად 154 400 ლარი უჯდება.
ეს თანხა ხმარდება სწავლის გადასახადს, საცხოვრებელი ფართის ქირას და ინგლისში ცხოვრებას:
- სწავლის გადასახადი – 16 000 GBP, რაც დაახლოებით 54 900 ლარია;
- საცხოვრებელი ფართის ქირა – 17 000 GBP, რაც დაახლოებით 58 300 ლარია;
- ყოველდღიური ხარჯები – 12 000 GBP, რაც დაახლოებით 41 200 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ზაალ დუგლაძის შვილი 2020 -2021 წლებში იმ ორგანიზაციის მოხალისე იყო, რომელსაც მამის მიერ მხარდაჭერილი “რუსული კანონი” უცხოური ძალის ინტერესების გამტარად აცხადებს. საუბარია ორგანიზაციაზე “ჰელფინგ ჰენდ”, რომელიც წლებია საქართველოში ახალგაზრდების გაძლიერება-განვითარებისთვის მუშაობს.
დასვენებისა და შოპონგისთვის ევროპაში დადიან ზაალ დაუგლაძე და მისი მეუღლე ეკატერინე დუგლაძეც. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ოჯახმა გასულ წელს ევროპაში მოგზაურობისთვის და სასურველი ნივთების შეძენისთვის დაახლოებით 95 000 ლარი დახარჯეს:
- ავიაბილეთების ხარჯი – 7 122 ლარი;
- სასტუმროების ხარჯი 35 400 ლარი;
- საყიდლების ხარჯი – 52 000 ლარი.
დადეკლარირებული ხარჯების მიხედვით, ზაალ დუგლაძის მეუღლემ ინგლისში ყოფნისას შეიძინა სამკაული, რომელშიც 3 100 გირვანქა სტერლინგი ანუ 10 600 ლარი გადაიხადა.
საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც ზაალ დუგლაძე დასავლეთს ანდობს. უცხოეთში სამედიცინო კვლევების ჩატარებისთვის მან გასულ 2 207,38 დოლარი გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ზაალ დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორი. 2020 წლიდან, ზაალ დუგლაძე ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი ყოველწლიური ხელფასი დაახლოებით 44 000 ლარია. პარლამენტში მოხვედრამდე, ის “ქართული ოცნების” შემწირველი იყო – მას ჯამში პარტიისთვის 115 000 ლარი აქვს შეწირული. “ქართული ოცნების” შემწირველია მისი ძმა, დავით დუგლაძეც – მას პარტიისთვის ჯამში 282 000 ლარი აქვს შეწირული. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დუგლაძეების ოჯახმა შეიძინა სახლები და მიწის ნაკვეთები. გარდა ამისა, სახელმწიფო სუბსიდიით განავითარა საკუთარი ბიზნესებიც.
ამავე თემაზე: რა ქონება დააგროვა ზაალ დუგლაძემ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში?