ადამიანები ისტორიები

პაპის ავტოფარეხში დაწყებული საქმე, სადაც თექის ნაწარმი მზადდება – ელენე ბლიაძის ამბავი 

როდესაც ვხედავ ჩვენს პროდუქციის მიმართ ინტერესს, სიამაყის გრძნობა მეუფლება, რომ ეს შევძელით, – ამბობს ელენე ბლიაძე, რომელმაც სოფელ დირბში თექის სახელოსნო “ფაჩუჩი” მოაწყო, სადაც მომხმარებელს ქართული ორნამენტებით და ნატურალური ნედლეულით დამზადებულ ნივთებს სთავაზობს.

ელენე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში საქმიანობას დეიდასთან ერთად უძღვება. თექაზე მუშაობა მისგან ისწავლა და ახლა სიყვარულით ემსახურება იმ საქმეს, რაც მისთვის სასიამოვნო და სანტერესოა.

“ჩემს ოჯახში ყველას უყვარდა ხელსაქმე. დედა ქსოვდა, დეიდა კარგად ქარგავდა. თერაპიის მიზნით დეიდამ გადაწყვიტა თექაზე მუშაობა ესწავლა. მას რომ ვუყურებდი, მეც გამიჩნდა ინტერესი და დავიწყე ამ საქმის შესწავლა. მატყლთან მუშაობა საკმაოდ სასისმოვნო პროცესი გახდა ჩემთვის. თავიდან ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებით, პანოები, ჩანთები, ჟილეტები, მაგრამ მოთხოვნა და შეკვეთები იყო უფრო ფაჩუჩზე, ასე აღმოჩნდა ფაჩუჩი ჩვენი წარმოების ძირითადი მიმართულება” – გვიყვება ელენე.

ელენე იხსენებს, როგორ ეძებდა ფინანსებს საკუთარი წამოწების გასავითარებლად. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ორგანიზაციები, რომლებიც მას დაეხმარნენ და პროექტი დაუფინანსეს. ელენემ დეიდასთან ერთად პაპის ავტოფარეხი სახელოსნოდ გადააკეთა და უკვე რამდენიმე წელია ამ საქმეს ერთგულად ემსახურება.

“საწყის ეტაპზე ფართი არ გვქონდა და სამუშაო სივრცედ აბაზანას ვიყენებდით, მაგრამ ძალიან რთული იყო ასე მუშაობა. პანდემია რომ დაიწყო, ამ პერიოდშიც ვიღებდით შეკვეთებს და ამ შეკვეთების წყალობით გარკვეულ თანხას მოვუყარეთ თავი, რამაც მოგვცა იმაზე ფიქრის საშუალება, რომ სახელოსნოს მოწყობაზე გვეფიქრა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საგრანტო კონკურსიც, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ და მოვიპოვეთ დაფინანსება. პაპას ძველი ავტოფარეხი გადავაკეთეთ სახელოსნოდ და შევიძინეთ ყველა ის ნივთი, რომელიც საჭირო იყო ფაჩუჩების დასამზადებლად”.

სახელოსნოში თექაზე მუშაობა ელენემ და ნათიამ სოფლად მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. ელენე გვიყვება, რომ სწავლის პროცესი ქალებისთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსიც გახდა.

“რაც გიყვარს, იმ საქმის კეთება ძალიან სასიამოვნოა. პირველმა გრანტმა ჩვენ უდიდესი სტიმული მოგვცა, რომ ჩვენი წარმოების განვითარებაზეც გვეფიქრა. ის, რაც ერთ წელში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით გავაკეთეთ, ალბათ წლები უნდა გვებრძოლა რომ მარტოებს გაგვეკეთებინა. სოფელში დიდი არჩევანი არ გვაქვს ქალებს, ან სკოლაში უნდა ვიმუშაოთ, ან საბავშვო ბაღში, თუ არადა მიწაზე მძიმე ფიზიკური შრომა გვიწევს და ეს სახელოსნო ყველასთვის ახლის საწყისი აღმოჩნდა. დეიდამ ხელსაქმე სოფლად მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლა, რომლებიც ყოველდღიურობაში იყენებენ, ზოგმა ამ მიმართულებით სამსახურიც ნახა”, – აღნიშნავს ის.

ელენე ახლა მხოლოდ დეიდასთან ერთად მუშაობს. ამბობს, რომ ნაწარმზე  მოთხოვნა დიდია, ამიტომ მომავლის გეგმად თანამშრომლების აყვანა და წარმოების გაზრდა აქვს დასახული.

“ყველა დეტალს ორი ადამიანი ვაკეთებთ, საქმე გადანაწილებული გვაქვს, რომ მოვასწროთ, თუმცა დიდი შეკვეთების აღება ამ ეტაპზე გვიჭირს, რადგან დამზადების პროცესი შრომატევადია. ვფიქრობ, “ფაჩუჩს” აქვს პოტენციალი და ამიტომ ჩვენი სურვილია წარმოება გავზარდოთ, ამისთვის კი სახელოსნოს გაფართოება და დახმარება დაგვჭირდება. სამომავლოდ, დაფინანსება სწორედ ამ მიმართულებით გვინდა, რომ რამდენიმე ქალი გადავამზადოთ და შესაბამისი ანაზღაურებით ჩვენთან დავაწყებინოთ მუშაობა. ყველაფერი წინ გვაქვს და თუ საგრანტო პროექტები კვლავაც იქნება, აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს იდეას”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.