ავტორი: იკი ქოთოლაშვილი
გაყალბებული არჩევების შემდეგ ერთადერთ გამოსავლად უწყვეტი პროტესტი და საყოველთაო ბოიკოტი მესახება. გარდა იმისა, რომ ევროპულ მომავალს გვართმევენ, ქვეყნის თავისუფლების დაკარგვის შიში გაჩნდა და ეს ის მთავარი ფასეულობა და მონაპოვარია, რომლის გარეშე ამ ქვეყანაში დარჩენის და ნორმალურად ცხოვრების შანსი გვეკარგება, ჩვენ და ჩვენს შვილებს.
სხვა რეალობა, რომ ყოფილიყო ახლა ევროპულ გაერთიანებებს უნდა ესაუბრათ იმაზე, თუ როგორ გახდებოდა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი, თუმცა ვისმენთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებით, რუსული კანონის მიღებით ჩვენმა ქვეყანამ უკუსვლა დაიწყო.
რისთვის ამდენი ბრძოლა, ამდენი თავგანწირვა, რომელიც წინაპრებს გაუწევიათ? – ესაა კითხვები, რომლებსაც ყველა უნდა ვუსვამდეთ საკუთარ თავებს.
მიხარია, როცა ვხედავ გულანთებულ ახალგაზრდებს და მშობლებს, რომლებიც მათ გვერდით დგანან. მე ვხედავ ბრძოლას და ერთიანობას, რაც იმედს მისახავს – იმედს იმისა, რომ გადავრჩებით.
არაა იმისა გარჩევის დრო, ვინ მოგვწონს და როგორია ჩვენი პოლიტიკური გემოვნება. ახლა მთავარი ერთი მიზნისთვის ბრძოლაა. ნებისმიერ ხელისუფალს უნდა მოვთხოვოთ ჩვენს სამსახურში ყოფნა – მათ ჩვენ ვირჩევთ იმისთვის, რომ ჩვენვე გვემსახურონ.
მე მინდა ამ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ბევრი ინვესტიცია ჩაიდება ახალგაზრდების განათლებაზე, განვითარებაზე, სადაც საქართველოში დარჩენის სურვილი ექნება მომავალ თაობას და არა გაქცევის. მინდა ჩემი შვილი აქ გაიზარდოს, საკუთარ მიწა-წყალზე. საკმაოდ ბევრი ოჯახი დააშორა ერთმანეთს ემიგრაციამ და საკმარისია, უნდა შევაჩეროთ ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი. სწორედ ამიტომ პროტესტი, რომელიც ხალხშია, არ დაცხრება, ჩვენ გვინდა ცხოვრება შიშის გარეშე, აღარ გვინდა მხოლოდ თავის გადარჩენაზე და იმაზე ფიქრი, ხვალ რა იქნება.
გაიგოს ერმა, თუ ბერმა, რომ ევროინტეგრაცია ნიშნავს სტაბილურ, განვითარებულ და შემოსავლიან ქვეყანას. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ჩვენი შვილების მომავალი იყოს უსაფრთხო, ნათელი. ევროპა გვჭირდება იმისთვის, რომ ვიცხოვროთ და არა ვიარსებოთ. ევროპა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის არის ხარისხიანი განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური წინსვლის, აღმავლობის, სტაბილურობის, ემპათიურობის, სხვისი აზრის პატივისცემის და ერთმანეთზე ზრუნვის გარანტი.