ავტორი: ნინო გელაშვილი
26 ოქტომბერს გორის ოლქში გახსნილი 35 საარჩევნო უბანი მოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ უბანზე მთელი დღის განმავლობაში არ ვყოფილვარ, დარღვევები მაინც ყველგან დავაფიქსირე, სადაც კი მოვახერხე მისვლამ.
ყველგან მხვდებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც მოსული ამომრჩევლების იდენტიფიცრებას ახდენდნენ და წინასწარ მომზადებულ სიებში აღრიცხავდნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა, როგორც უბნის გარეთ, ასევე საარჩევნო უბნებშიც.
როცა მოვუწოდებდი, რომ დაეცვათ კანონი და გასულიყვნენ უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე, უკეთეს შემთხვევასი, დროებით იშლებოდნენ და შემდეგ ისევ იკრიბებოდნენ, უარეს შემთხვევაში კი მითითებას ყურადღებას არც კი აქცევდნენ.
უშუალოდ უბნებში კი ვხედავდი, რომ
- არ ხდებოდა სათანადოდ მარკირება, ID ბარათების ან პასპორტების შემოწმება.
- უმეტესი საარჩევნო უბანი ისე იყო მოწყობილი, რომ შეუძლებელი იყო გაგეკონტროლებინა რეგისტრატორები.
- ხშირად შემოდიოდნენ არაუფლებამოსილი პირები, მიჰყვებოდნენ ამომრჩეველს კაბინაში და აფიქსირებინებდნენ ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ ხმას.
- ყველა უბანზე ტოტალურად იქნა დარღვეული არჩევნების უმთავრესი კონსტიტუციური პრინციპი – არჩევნების ფარულობა. ყველა ამომრჩევლის გამოხატული ნება იყო იდენტიფიცირებული.
ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს , რომ საარჩევნო უბნებზე არ იყო პროცედურები იმგვარად დაცული, რომ ამომრჩეველს შექმნოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
ფაქტია, რომ ასეთი გარემოს შექმნისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის მმართველმა პარტიამ გამოიყენა ყველა მეთოდი, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
შესაბამისად, თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, არ უნდა შევეგუოთ ამ სტილით ჩატარებულ არჩევნებს – ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხმების დასაბრუნებლად. ამის გარეშე ჩვენ დავკარგავთ შანსს, რომ ვიცხოვროთ ევროპულ, განვითარებულ და საიმედო ქვეყანაში. დავკარგავთ შანსს, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი, რაც რეალურად არის ამ ქვეყნის ხსნა და მშვიდობის გარანტია.