ავტორი: შმაგი ხუბულური
იდეალური არჩევნები არასდროს ჩატარებულა საქართველოში. ყოველთვის იყო დარღვევები და გადაცდომები. შესაბამისად, ახლაც დარწმუნებულები ვიყავით, რომ არც ეს არჩევნები იქნებოდა იდეალური, თუმცა აქამდე ამხელა მასშტაბის გაყალბება არასოდეს გვინახავს.
არჩევნების ამ ფორმით ჩატარებისთვის მზადება ხელისუფლებამ ბევრად ადრე დაიწყო. აქტიურ ფაზაში კი ეს პროცესი ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებით და საბოლოო დამტკიცებით შევიდა.
გაიხსენეთ მაშინდელი ანონიმური ზარები და მუქარები, გაიხსენეთ ქუჩაში მასიური ცემა ტყეპა, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოყოლია. ეს ყველაფერი ემსახურებოდა, მათ მხარდამჭერ მოძალადეებში დაუსჯელობის განცდის განერგვას, ხოლო დანარჩენ საზოგადოებაში დაუცველობის, უმწეობის და შიშის დათესვას.
ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, როგორ ფართოდ გაშალეს დეზონფორმაციის კამპანია და სახელისუფლებო მედიების საშუალებით, საზოგადოებას როგორ აწვდიდნენ ათასგვარ დეზონფორმაციას, რომლის მიზანი აქაც შიშის დათესვა და საზოგადოების სენტიმენტებით მანიპულირება იყო.
საბოლოოდ კი ჩაატარეს არჩევნები, სადაც ვნახეთ გაყალბების მთელი კასკადი და ამ სქემაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა – ქუჩის ბიჭები, გავლენიანი ბიზნესმენები, საჯარო მოხელეები, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, სახალხო დამცველი, სოციალურად დაუცველები, პირობითი მსჯავრის და სასჯელმისჯილი ადამიანების ოჯახები, დევნილები, პენსიონერები და ა.შ. ამ ადამიანების ნების კონტროლისთვის კი გამოიყენეს ყველა მეთოდი – ზეწოლა, შანტაჟი, დაშინება, მოსყიდვა, გადაბირება.
ამ სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რაც უშუალოდ კენჭისყრის ოთახებში ხდებოდა – პარტაქტივით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები, თხელი ბიულეტენები, დაბალი კაბინები და სტრესული გარემო ადგილზე მყოფი დამკვირვებლებისთვის.
“ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ადამიანების თავისუფალი ნება არ ასახული არჩევნების შედეგებში. ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შემუშავებულმა ამ დანაშაულებრივმა აქტმა კი, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირს. ამ შედეგთან შეგუება არ შეიძლება.
ახლა ბრძოლის დროა და ამ ბრძოლაში დანებება გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ნიჰილიზმს, იმედგაცრუებას, უიმედობას, უპერსპექტივობას, მიგრაციის ზარდას და საბოლოოდ მივიღებთ დაუძლურებულ ქვეყანას, დაცლილს, დაქცეულს, რომელიც ძალიან მარტივი ლუკმა იქნება ჩვენი მტრებისთვის.
ასე, რომ არ უნდა გამოუვიდეთ და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, როგორც ქუჩაში, ასევე საზღვარგარეთ. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომ ქართველებს არჩევანი მოგვპარეს. არ უნდა დავიღალოთ. უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება უკან დაიხიოს.
გამოსავალი ახალი არჩევნებია, ახალი საარჩევნო კომისიის და ახალი სუს-ის ადმინისტრაციის პირობებში. სხვანაირად რიგგარეშე არჩევნებს აზრი არ აქვს. ასე რომ ბრძოლაა საჭირო ბოლომდე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ევროპული, ძლიერი, მშვიდობიანი საქართველოსთვის.