ახალი ამბები

“საქართველოს მომავალი წყდება ამ აქციებზე” – ნუგზარ მაჭავარიანი

“საქართველოს მომავალი წყდება ამ აქციებზე”, – ამბობს კოალიციის “ძლიერი საქართველო” წარმომადგენელი, ნუგზარ მაჭავარიანი. 

მისი თქმით, ახლა გაჩერება და იმედის დაკარგვა იქნება ქვეყნის დაღუპვის ტოლფასი. მაჭავარიანის აზრით, ახლანდელი მშვიდობიანი ბრძოლა გარდაუვალი გამარჯების საწინდარია. 

“ქართველმა ხალხმა თუ ვერ გაიმარჯვა, აქ დამყარდება წყვდიადი – დიქტატორული რეჟიმი, ქვეყნის სრული იზოლაცია, ეკონომიკის კოლაფსი და ნეომონათმფლობელობა მრავალი წლით. ეხლა მშვიდობიანი ბრძოლა გვერჩივნოს, გარდაუვალ ბრძოლას იარაღით ხელში”, – ამბობს ნუგზარ მაჭავარიანი. 

ნუგზარ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ცხოვრებას და ამისთვის ყველანაირი ბრძოლა გამართლებულია.

“გული მტკივა, რომ უმძიმესი ოპერაციების შემდეგ, ფიზიკურად არ შემიძლია ქუჩაში დიდხანს დგომა, რათა ხალხთან ერთად დავიცვა ჩვენი თაობის (80-90 იანი წლების ) მონაპოვარი, რომ პირნათელი წარვდგე ჩემი სამშობლოსათვის შეწირული თანამებრძოლების და წინაპრების წინაშე ზეციურ საქართველოში. ქართველი ხალხი თავისი ისტორიით, კულტურითა და მენტალიტეტით იმსახურებს ცივილიზებულ – მშვიდობიან და კეთილდღეობის მაღალი დონის ქვეყანაში ცხოვრებას. ყველაფერი ეს გარანტირებული გვექნება ევროკავშირში”.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტი აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას, სამართალდაცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და დააკავეს ათობით მოქალაქე, მელიქიშვილის გამზირზე ხალხი მიდის  და პროტესტს აგრძელებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.